8 საათი დადგა, უბნის დახურვის და ხმების დათვლის დროა.
🔒 უბნის დახურვა
8 საათზე უბანი იხურება. თუ ამომრჩევლები ჯერ კიდევ არიან რიგში, კომისიის ერთ-ერთი წევრი ითვლის რიგში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობას და ინიშნავს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს.
როდესაც ეს ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება და ამომრჩევლებისთვის კარი იკეტება.
📒 უბანზე მყოფი პირების აღრიცხვა
კომისიის მდივანს, ჩანაწერთა წიგნში შეაქვს ინფორმაცია უბნის დახურვის დროს უბანზე მყოფი ყველა აკრედიტებული პირის შესახებ.
🪪 ვერიფიკაციის პროცესის დახურვა
- რეგისტრატორები ლუქავენ ვერიფიკაციის ყუთების ჭრილებს (მეტი ქვითარი რომ აღარ ჩავარდეს)
- ერთ-ერთი რეგისტრატორი, თავმჯდომარის დავალებით, ერთ-ერთი აპარატიდან ბეჭდავს ქვითარს, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა ასახული. (აპარატები სინქრონიზებულია). ქვითარს ინახავს კომისიის მდივანი.
- კომისიის თავმჯდომარე აჭერს ღილაკს “ვერიფიკაციის დახურვა”, შეჰყავს ინდივიდუალური პაროლი, ბეჭდავს საბოლოო ანგარიშებს და თიშავს აპარატებს.
📜 როგორ ითვლება ამომრჩევლების რაოდენობა ძველი წესით?
კომისიის თავმჯდომარეს, ხმების დათვლის დაწყებამდე, მაგიდასთან მიაქვს სხვადასხვა სია.
მთვლელები, ყველა სიაში ითვლიან ხელმოწერებს.
კომისიის მდივანს საბოლოო შედეგები შეაქვს 📒 ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.
📤 გადასატანი ყუთიდან ძირითად ყუთში გადატანა
იწყება ბიულეტენების გადატანა გადასატანი ყუთ(ებ)იდან ძირითად ყუთში, რიგ-რიგობით.
თუ ჩარჩო-კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ბიულეტენი…
ეს ბიულეტენები თავსდება ცალკე და ეწერება “მეტი ბიულეტენი”. შემდეგ ნაბიჯზე, ეს ბიულეტენები შეუერთდება ძირითადი ყუთების ბათილ ბიულეტენებს.
თუ აპარატმა არ მიიღო ბიულეტენი…
ეს ბიულეტენი თავსდება ცალკე. შემდეგ ნაბიჯზე კი შეუერთდება ძირითადი საარჩევნო ყუთებიდან ამოღებულ საარჩევნო ბიულეტენებს.
თუ ბიულეტენი სხვა უბნისთვის არის ან დაუდგენელი ფორმატისაა…
ეს ბიულეტენიც ცალკე უნდა გადაიდოს. ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად ილუქება და აღინიშნება ჩანაწერთა წიგნში.
ასეთი შემთხვევებზე, კომისიის მდივანი ადგენს აქტს და კომისიის ყველა წევრის ხელმოწერასთან ერთად ინახავს ჩანაწერთა წიგნში.
🔢 წინასწარი შედეგები და კენჭისყრის დახურვა
- კომისიის თამვჯდომარე ელექტრონულ მთვლელში ათავსებს სპეციალურ გასაღებს და იწყებს აპარატების სინქრონიზაციას – შედეგების გაერთიანებას ერთ აპარატში.
- სინქრონიზაციის დასრულებისას, აპარატიდან იბეჭდება წინასწარი კენჭისყრის შედეგები, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. ეს შედეგები გაიკვრება თვალსაჩინო ადგილას, რათა ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს სურათის გადაღება-გაგზავნა.
- კომისიის თავმჯდომარე აპარატში აერთებს გარე მეხსიერების ბარათს. ამ ბარათზე ავტომატურად იწერება იგივე მონაცემები. თავმჯდომარე თიშავს აპარატებს.
- თავმჯდომარე ამ ბარათს აერთებს პლანშეტში და წინასწარ შედეგებს უგზავნის “ცეკსოს”. პლანშეტის პრობლემის შემთხვევაში, სხვა მეთოდიც მისაღებია (მაგ. მობილური ტელეფონით სურათის გაგზავნა). ინტერნეტის პრობლემის შემთხვევაში კი შეიძლება შენობის გარეთ გასვლაც.
🔐 საარჩევნო ყუთების გახსნა
ყუთების გახსნამდე მოწმდება საარჩევნო ყუთების ლუქები. პროცესს მიუძღვება კომისიის თავმჯდომარე და ესწრებიან უბანზე მყოფი სხვა პირები. ეს ინფორმაცია ეხება როგორც ძირითად, ისე – გადასატან ყუთებს.
- ლუქის დაზიანება – თუ ლუქი დაზიანებულია, მაგრამ კომისიის აზრით კანონი არ დარღვეულა, პროცესი გრძელდება. თუ დაზიანება მნიშვნელოვანია, ყუთი ბათილდება, თავიდან ილუქება და დგება ოქმი. თუ ლუქი წესრიგშია, იხსნება ყუთი და ბიულეტენები თავსდება მაგიდაზე.
- საკონტროლო ფურცელი – ყუთში უნდა იყოს საკონტროლო ფურცელი. თუ ფურცელი არ არის ან არის, მაგრამ არ ემთხვევა თავმჯდომარის ფურცელს, ყუთი ბათილდება, ილუქება და დგება ოქმი. თუ საკონტროლო ფურცელი წესრიგშია როგორც გადასატან, ისე ძირითად საარჩევნო ყუთებში, ბიულეტენები ერევა ერთმანეთს და იწყება დათვლა-დახარისხება.
🆕 რით განსხვავდება ძველი და ახალი პროცესი?
თუ ძველში ერთი ძირითადი საარჩევნო ყუთია, ახალში – რამდენიმე. ინსტრუქცია იგივეა.
🎲 ვინ დაითვლის ხმებს?
როგორ ირჩევა ხმის მთვლელები და დამკვირვებლები?
მინ. 4 წევრი კომისიიდან
თავმჯდომარე, კომისიის წევრებიდან, შემთხვევითობით არჩევს მინიმუმ ოთხ მთვლელს. პროცედურას ესწრებიან შენობაში მყოფი სხვა პირებიც.
ის იღებს იმდენ ფურცელს, რამდენი მონაწილეც არის კომისიაში და აკეთებს წარწერებს – “პირველი მთვლელი”, “მეორე მთვლელი” და ა.შ. ფურცლებს ამოწმებს ბეჭდით და ხელმოწერით, კეცავს და ათავსებს მაგიდაზე.
2 წევრი საარჩევნო სუბიექტებიდან
ეს ორი წევრიც, კომისიის წევრებთან ერთად დაითვლის ხმებს.
მაქს. 2 დამკვირვებელი
დამკვირვებლები თანხმდებიან ერთ ან ორ პირზე, ვინც დააკვირდება ხმის მთვლელებს. თუ ვერ შეთანხმდნენ, ამ ორ პირს გამოავლენს კომისიის თავმჯდომარე.
კომისიის მდივანს შედეგები შეაქვს 📒 ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
📒 ჩანაწერთა წიგნის ჩანაწერის მაგალითი
🪑 მთვლელები და დამკვირვებლები თავსდებიან ადგილზე
მთვლელები იკავებენ ადგილს ხმის სათვლელ მაგიდასთან. მათ პირდაპირ, ორი მეტრის დაშორებით, იმყოფებიან კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირები – ისინი უნდა ხედავდნენ ბიულეტენების დახარისხების და დათვლის პროცესს.
მთვლელების გვერდით დგებიან არჩეული დამკვირვებლები.
🗃️ თავმჯდომარეს მაგიდასთან მიაქვს…
- ამომრჩეველთა ერთიანი სია
- გადასატანი ყუთის სია
- სპეციალური სია
- გამოუყენებელი ბიულეტენები (კომისიის მდივანი აჭრის კუთხეებს)
- გაფუჭებული ბიულეტენები
- ძირითადი საარჩევნო ყუთი
- გადასატანი საარჩევნო ყუთი
ილუსტრაცია
🔐 პაკეტების დალუქვა
ცალ-ცალკე პაკეტებში ილუქება:
- გაფუჭებული ბიულეტენები
- გამოუყენებელი ბიულეტენები
- ამომრჩეველთა ერთიანი სია
- სპეციალური სია
- გადასატანი ყუთის სია
პაკეტზე მითითებული ინფორმაცია
კომისიის მდივანი თითოეულ პაკეტზე უთითებს:
- საარჩევნო ოლქის დასახელებას და ნომერს
- საარჩევნო უბნის დასახელებას და ნომერს
- საარჩევნო დოკუმენტაციის სახეს
დალუქულ პაკეტებს, დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.
➡️ შემდეგი ნაბიჯი – ხმების დათვლა
უბნის დახურვის პროცედურა დასრულებულია. შემდეგი ნაბიჯია ხმების დათვლა.