უბნის გახსნა

სანამ ამომრჩევლები მოვლენ, საჭიროა უბნის მომზადება.


🗝️ 06:45 – იხსნება საარჩევნო უბანი

საარჩევნო უბანი ფიზიკურად იხსნება 06:45 საათზე.

კომისიას შეუძლია დაიწყოს მოსამზადებელი პროცედურები თუ გამოცხადდა 9 წევრი მაინც. სხვა შემთხვევაში, ინფორმაცია მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიას დაელოდება გადაწყვეტილებას.


📒 იხსნება ჩანაწერთა წიგნი

კომისიის მდივანი ხსნის ჩანაწერთა წიგნს. ეს არის ერთგვარი ბლოკნოტი/დღიური, სადაც შევა ინფორმაცია თუ რა მოხდა უბანზე დღის განმავლობაში.


🪪 კომისიის წევრების რეგისტრაცია

ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე, მდივანს შეყავს კომისიის ყველა იმ წევრის სახელი და გვარი, ვინც იმ მომენტში შენობაში იმყოფება. ასევე, უთითებს მათ ამრჩევ სუბიექტებს. კომისიის წევრები ადასტურებენ ხელმოწერით.

თუ რომელიმე დამსწრეს არ ეკუთვნის კენჭისყრის შენობაში ყოფნა, კომისიის მდივანი მიუთითებს დატოვოს ის.

ჩანაწერთა წიგნის პირველი გვერდის მაგალითი
ვინ დაიშვება კენჭისყრის შენობაში?

ზემოთ ვახსენეთ, რომ საარჩევნო უბნის გახსნისას, კომისიის მდივანს უფლება აქვს მოუწოდოს დატოვოს კენჭისყრის შენობა ნებისმიერმა პირმა, ვისაც არ აქვს შენობაში ყოფნის უფლება.

უფრო დეტალურად – ვის აქვს აქ ყოფნის უფლება და როგორია მათი რეგისტრაციის პროცესი?

  • “ცესკოს” და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და წარმომადგენლები
  • ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები – თითო ორგანიზაციას შეუძლია ყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი. (ამიტომ, არასამთავრობოების კამპანიაში ჩართულია 18 ორგანიზაცია)
  • საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები – თითო ორგანიზაციას შეუძლია ყავდეს მხოლოდ 2 დამკვირვებელი და 1 თარჯიმანი;
  • აკრედიტებული პრესისა და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები – თითო ორგანიზაციიდან მხოლოდ 2 წარმომადგენელი.
  • საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები – თითო სუბიექტიდან მხოლოდ 1 წარმომადგენელი.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის ან მედიის წარმომადგენელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.

როგორია მათი სამკერდე ნიშნები?

სამკერდე ნიშნები იყოფა ფერებად:

  • ცესკო და ოლქები – მწვანე
  • უბნის წევრები – მწვანე ფორმა (არა მხოლოდ ნიშანი)
  • დამკვირვებლები – შინდისფერი
  • პარტიების წარმომადგენლები – წითელი
  • საერთაშორისო დამკვირვებლები – იასამნისფერი
  • მასმედია – ცისფერი

ზოგჯერ, სამკერდე ნიშანი შეიძლება იყოს შავ-თეთრი, თუმცა ჩასადებს ექნება ფერი.

ნებისმიერ დროს შეიძლება გაგაძევონ

საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია ნებისმიერ დროს გაგაძევოს უბნიდან, კონკრეტული დასაბუთების გარეშე, სხვადასხვა საბაბით. გადახედე ბუკლეტს


🪙 ფუნქციების განაწილება

კომისიის წევრები ასრულებენ 4 ფუნქციას:

ეს როლები წინასწარ არის განსაზღვრული, თუმცა უბნის თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია სხვაგვარად გადანაწილება.

რა უნდა გააკეთო შენ?

გაინაწილე ფუნქციები სხვა დამკვირვებლებთან – ვინ სად დადგება და რას დააკვირდება? ასევე, შეგიძლია რომელიმე მათგანს შეუთანხმდე რომ შეგენაცვლოს თუ დროებით გასვლა დაგჭირდება (ხმის მისაცემად ან სხვა მიზეზით). როგორც წესი, მხოლოდ ვერიფიკაციის აპარატებთან არის საჭირო რამდენიმე დამკვირვებელი, სხვა ადგილებში – თითოც საკმარისია.

ასევე, თუ შეძლებთ, მორიგეობით გადახედეთ უბნის პერიმეტრს, რათა აღწეროთ საეჭვო მოქმედებები (ჯგუფების შეკრება, ადამიანების დაშინება და სხვა).


🖥️ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გააქტიურება

კომისიის თავმჯდომარე, სხვა პირების თანდასწრებით:

  1. ააქტიურებს ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულ პროგრამას
  2. აპარატებში ხსნის ვერიფიკაციის პროცესს – იყენებს ინდივიდუალურ კოდს/პაროლს.
პროგრამის გააქტიურების ილუსტრაცია

აპარატი ბეჭდავს საწყის ანგარიშს – ამით დასტურდება, რომ ამ აპარატით ჯერ არცერთი ამომრჩევლის ვერიფიკაცია არ მომხდარა. ამ ქვითარს ინახავს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი.

კომისიის თავმჯდომარის მითითებით, ერთ-ერთი რეგისტრატორი აპარატიდან ბეჭდავს ამომრჩეველთა სიას. კომისიის მდივანი სიას აკრავს კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას, სადემონსტრაციო ოქმთან ერთად.


🔢 რაოდენობების გამოცხადება

კომისიის თამვჯდომარე აცხადებს საარჩევნო ბიულეტენების და ჩარჩო-კონვერტების რაოდენობას, ასევე – ამომრჩევლების რაოდენობას სიებში.


📰 ხმის მთვლელი აპარატების მონტაჟი და გააქტიურება

შემდეგი ნაბიჯია ხმის დათვლის აპარატების მონტაჟი და გააქტიურება.

ყუთების დალუქვა

პირველ რიგში, ილუქება ბიულეტენების ყუთები. სანამ დაილუქება, დარწმუნდი, რომ ყუთი არის ცარიელი, ასევე – შეინახე ლუქის ნომერი.

მთვლელი აპარატის დადგმა ყუთზე & ნულოვანი შედეგები

დალუქულ ყუთზე თავსდება მთვლელი აპარატი.

ჩართვის შემდეგ, დააკვირდი, რომ ამოიბეჭდოს ნულოვანი შედეგები – ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ მომენტში 0 ხმა ფიქსირდება.

აპარატების სინქრონიზაცია

აპარატები უკავშირდება ერთმანეთს მონაცემების გაცვლის, ანუ სინქრონიზაციის მიზნით.

აპარატების დაკავშირების ილუსტრაცია

დააკვირდი, რომ აპარატები სწორად არის შეერთებული და არ არის მექანიკური შეხების და დაზიანების რისკი.

თუ უბანზე მხოლოდ ორი აპარატია, ეს აპარატები ერთმანეთთან შეერთებულია ქსელის სადენით.
თუ უბანზე ორზე მეტი აპარატია, თითოეული აპარატი შეერთებული უნდა იყოს არა სხვა აპარატზე, არამედ – ჰაბზე (სურათზე თეთრად)

🫗 კომისიის წევრებისთვის ინვენტარის გადაცემა

დაბოლოს, კომისიის წევრებს გადაეცემა საარჩევნო დოკუმენტაცია და საჭირო ინვენტარი, როლების მიხედვით. მათ შორის:

  • მარკირების სითხე – საკმარისი უნდა იყოს ყველა რეგისტრატორისთვის;
  • მარკირების შესამოწმებელი ნათურა – უნდა მუშაობდეს, შესამოწმებელია ბატარეა.

რა უნდა გააკეთო შენ?

შეამოწმე ორივე – დაასხი სითხე ფურცელზე და მიანათე ნათურა. ფრთხილად – არ დაისხა სითხე ხელზე – შენც მისაცემი გაქვს ხმა.


🕗 08:00 საათი – კენჭისყრის დაწყება

ყველაფერი მზადაა, იწყება კენჭისყრა – ხმის მიცემის პროცესი.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx