აქ თანმიმდევრობით მოგიყვებით პროცედურას – რა ნაბიჯებს გადის ამომრჩეველი უბანზე შემოსვლიდან მის დატოვებამდე. იქვე მივუთითებთ შენ რას უნდა დააკვირდე თითოეულ ნაბიჯზე, რა შემთხვევებს შეიძლება წააწყდე და როგორ უნდა მოიქცე.
რომელი დამკვირვებელი რომელ პროცესს დააკვირდება – ეს შეთანხმდება რამდენიმე დღით ადრე.
ეს გვერდი აღწერს საარჩევნო უბნის პროცესს, გადასატანი ყუთის პროცედურის სანახავად დააჭირე აქ
ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ძნელად მისადგომ ადგილზე ცხოვრების გამო არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, ემსახურება “გადასატანი ყუთი”.
გადასატანი ყუთი, 9:00-დან 19:00 საათამდე მოივლის ამომრჩევლებს და დაბრუნდება უბანზე. ყუთს საჭიროა გაყვეს 1 ან 2 დამკვირვებელი. მანქანის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდეუბლია გამოყოს ადგილი დამკვირვებლებისთვის.
დანარჩენი პროცესი იგივეა:
- ამომრჩეველმა წარმოადგინოს პირადობა ან პასპორტი
- შემოწმდეს მარკირებაზე
- თუ არ აქვს მარკირება – გაუკეთდეს
- ფარულად აძლევს ხმას, ათავსებს კონვერტში
- აგდებს ყუთში
🔍 ამომრჩევლის შემოწმება უბანზე შემოსვლისას
ამომრჩეველი მოვიდა უბანთან და აპირებს შემოსვლას. საჭიროა მისი შემოწმება – ხომ არ ყოფილა ის ამ ან სხვა უბანზე? თუ იყო, მას ექნება სპეციალური სითხის კვალი, რომელსაც ხმის მიცემისას ასხამენ. თუ ეს კვალი აღმოაჩნდა, ის არ დაიშვება უბანზე.
რას უნდა დააკვირდე?
დააკვირდი ნაკადის მომწესრიგებელს, რომ ის:
- სთხოვს მოქალაქეს პირადობის მოწმობას ან პასპორტს
- ამოწმებს მარკირების კვალს ორივე ხელზე.
როგორ უნდა მოიქცე თუ რაიმე შეამჩნიე?
თუ მოქალაქეს აქვს მარკირების კვალი, მას ეკრძალება უბანზე შესვლა.
ამომრჩეველს აქვს კვალი, მაგრამ ამბობს რომ სხვა რაღაცის კვალია
თხოვე დაიბანოს ხელი – თუ სხვა რამის კვალია, დიდი ალბათობით ჩვეულებრივი დაბანვით მოშორდება.
სპეციალური სითხის კვალი ძირითადად ცერა თითის ზედაპირზეა კონცენტრირებული. მანდარინის კი ფრჩხილების დაბოლოებებთან, რამდენიმე თითზე მაინც.
ასევე, შეიძლება შეგხვდეს “შილაკის” მაგალითიც. ასეთ დროს, კვალი რჩება ნუნებთან.
ორივე ხელი კარგად არ შეუმოწმა
შეახსენე, რომ ორივე ხელი შეუმოწმოს – “ბოდიში, მემგონი დაგავიწყდათ ორივე ხელის შემოწმება”.
მარკირებიანი მოქალაქე შემოუშვა
მიუთითე, რომ მარკირებიანი მოქალაქის შემოშვება აკრძალულია – “შეიძლება ვერ დაინახეთ, მგონი ამ მოქალაქეს მარკირება აქვს, ერთხელაც რომ შევამოწმოთ”.
❗ განსაკუთრებით დააკვირდი სამთავრობო დამკვირვებლებს
ამ ადამიანებს არ სჭირდებათ მარკირების გავლა – ნებისმიერ დროს შეუძლიათ უბანზე შემოსვლა. შემოსვლის მომენტიდან ადევნე თვალი – რაიმე დროს რომ არ სცადოს სხვისი პირადი მონაცემებით ხმის მიცემა ან სხვა სახის გაყალბება.
🪪 ამომრჩევლის რეგისტრაცია
ამომრჩეველს არ აღმოაჩნდა მარკირების კვალი და შემოვიდა უბანზე. ახლა რეგისტრაციის დროა – ეს ნიშნავს, რომ მან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დაადასტუროს ვინაობა.
როგორია პროცედურა?
- ამომრჩეველი რეგისტრატორს აწვდის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს
- რეგისტრატორი დოკუმენტს ატარებს ვერიფიკაციის აპარატში
- აპარატის მიერ დადასტურების შემთხვევაში, რეგისტრატორი ამომრჩეველს უკეთებს მარკირებას
- რეგისტრატორი, ვერიფიკაციის აპარატიდან ბეჭდავს ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს, ამ ქვითარს ხელს აწერს ამომრჩეველი
- რეგისტრატორი ქვითარს ინახავს გაუმჭვირვალე ყუთში და აწვდის ბიულეტენს ამომრჩეველს
რა ხდება თუ ვერიფიკაციის აპარატი არ არის ან გაფუჭდა?
მოკლედ: პროცესი უბრუნდება ძველ წესს, როდესაც რეგისტრატორებს მაგიდაზე გაშლილი ჰქონდათ ამომრჩეველთა გრძელი სიები.
ამ ძველ პროცესზე გადასაწყობად, კომისიის თავმჯდომარე:
- აპარატიდან ბეჭდავს ქვითარს, სადაც ჩანს მონაწილე ამომრჩეველთა ამ მომენტში არსებული რაოდენობა, ამ ქვითარს გადასცემს კომისიის მდივანს
- მიუთითებს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს, რომ მაგიდებიდან აალაგოს ვერიფიკაციის აპარატები და წესის მიხედვით შეინახონ სპეციალურ ყუთებში.
- ლუქავს ყუთებს, სადაც ინახებოდა ვერიფიკაციის ქვითრები. ამ ყუთებს ინახავს ცალკე.
- დამატებითი რეგისტრატორების საჭიროების შემთხვევაში, ამ ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის წევრ(ებ)ს.
- რეგისტრატორებს გადასცემს ამომრჩეველთა სიებს ფოტოსურათებით და რეგისტრატორის სახაზავებს. არსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთ რეგისტრატორს ასევე გადაეცემა ამომრჩეველთა სპეციალური სია.
- მიუთითებს რეგისტრატორებს, რომ მათ მაგიდებთან გამოაკრან მათი ამომრჩევლების რიგითი ნომრები და ანბანური თანმიმდევრობა.
გადაწყობის დასრულების შემდეგ, რეგისტრატორები აგრძელებენ მუშაობას. პროცედურა იგივეა, რაც ზემოთ აღვწერეთ, მხოლოდ ორი განსხვავებით:
- ამომრჩეველი რეგისტრირდება არა ვერიფიკაციის აპარატში, არამედ ამობეჭდილ სიაში
- ამომრჩეველი ხელს აწერს არა ვერიფიკაციის ჩეკს, არამედ სიაში – მისი გვარის გასწვრივ
რას უნდა დააკვირდე?
დადექი/დაჯექი რეგისტრატორის უკან და დააკვირდი:
- მიწოდებულ პირადობას – დოკუმენტის სურათზე ნამდვილად ეს ამომრჩეველია? დოკუმენტი ხომ აქტიურია? ვადა ხომ არ აქვს გასული?
- მიწოდებულ პასპორტს – რაიმე ფურცელი ხომ არ დევს შიგნით? ასეთ ფურცელზე შეიძლება სხვა ადამიანის პირადი ნომერი ეწეროს.
- ეკრანზე შეყვანილ / ჟურნალში ჩაწერილ მონაცემებს – რეგისტრატორს ხომ ზუსტად ის პირადი ნომერი, სახელი და გვარი შეყავს, რომელიც მოწოდებულ დოკუმენტზე წერია?
- ეკრანზე ნაჩვენებ სურათს – ეს სურათი ნამდვილად ამ ამომრჩეველს ასახავს?
- მარკირებას – არასაკმარისად ხომ არ შესრულდა მარკირება? შეგიძლია რეგისტრატორს თავიდან სთხოვო მარკირება.
✍️ ხმის მიცემა საარჩევნო კაბინაში
ამომრჩეველს უჭირავს ცარიელი ბიულეტენი და მიემართება საარჩევნო კაბინისკენ – ხმის მისაცემად.
რას უნდა დავაკვირდე?
- საარჩევნო კაბინისკენ მსვლელობისას – ამომრჩეველს უნდა ეჭიროს მხოლოდ 1 ბიულეტენი. თუ კარგად ვერ ხედავ, შეგიძლია თხოვო რომ გაჩვენოს.
- საარჩევნო კაბინაში – ხმის მიცემა უნდა იყოს ფარული, მას არ უნდა აკვირდებოდეს არავინ. ასევე, აკრძალულია პროცესის გადაღება მობილური ტელეფონით ან სხვა საშუალებით.
- საარჩევნო კაბინიდან გამოსულზე – დააკვირდი, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი აუცილებლად ჩააგდოს საარჩევნო ყუთში (არ გაიტანოს გარეთ).
ამით ხელს შეუშლი ე.წ. “კარუსელებით” გაყალბებას
შეჯამება
არჩევნების დღეზე ხარისხიანად დაკვირვებისთვის საჭიროა ორი რამის ცოდნა: 1) როგორია პროცედურა; 2) რომელ ნაბიჯზე რა ტიპის მანიპულაციის რისკი არსებობს, რას უნდა დააკვირდე.
თუ ამ ნაბიჯებს მიყვები, შენ გამორიცხავ მანიპულაციის აბსოლუტურ უმრავლესობას.
გახსოვდეს, რომ შენ აკვირდები ამ ყველაფერს ისე, რომ არ უშლი ხელს კომისიის თანამშრომლებს და ზოგადად პროცესს.