არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო წლებში არაერთხელ მოგვისმენია, რომ “ეს არჩევნები გადამწყვეტია”. ამ ფრაზის მუდმივი გამეორება და შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება ნიჰილიზმსაც შეიძლება იწვევდეს.
მოდი, განვიხილოთ, რატომ არის ეს არჩევნები მართლაც გამორჩეული. ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.
12 წლიანი მმართველობა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა მმართველი ძალა ხელისუფლებაში ამდენი ხნით. ეს დემოკრატიისთვის სახიფათოა. როდესაც ერთი და იგივე ძალა წლების განმავლობაში მართავს ქვეყანას, მას უჩნდება შეუცვლელობის განცდა და ქრება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება.
ამას უკვე წინასაარჩევნო რიტორიკაც ადასტურებს — დაპირებები შურისძიებაზე, სიძულვილსა და ამოძირკვაზე, ნაცვლად განვითარების, გაუმჯობესებისა და კონკრეტული გეგმების.
თუ რატომ არის ცვლილება აუცილებელი და რატომ არის მუდმივი მმართველობა დემოკრატიისთვის საფრთხე, ამაზე სხვა წყაროებში უფრო ვრცლად შეგიძლია წაიკითხო. აქ მხოლოდ იმას ვუსვამთ ხაზს, რომ 12 წელი ცვლილებების გარეშე დიდი დროა. ცვლილება, და ცვლილების “შიში”, ანუ მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულება არის ის მთავარი, რაც დემოკრატიას დიქტატურისგან განასხვავებს. მოქალაქეების ვალია ცვლილების შიში არ გავაქროთ.
ერთპიროვნული მმართველობა
გარდა ხანგრძლივი მმართველობისა, ეს მმართველობა სულ უფრო მეტად გადაიქცა ერთპიროვნულ მმართველობად – მნიშვნელოვანი ორგანოები თუ სხვა ერთეულები სისტემამ მთლიანად დაიქვემდებარა და კიდევ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
ძალადობრივი რეჟიმი?
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა არა მხოლოდ სიძულვილის ენამ, არამედ ფიზიკურმა ძალადობამაც. აქციაზე პროტესტის გამო მოქალაქეების სახლებთან ჩასაფრებული ბანდები, პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემა და სხვა.
გასამართლებული არ არის არცერთი სამართალდამცავი, თუმცა გვყავს მოქალაქეები რომელთაც მიუსაჯეს 4 წელი კამერის დაზიანებისთვის, ედავებიან 3-6 წელს 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, და კიდევ ასობით დაჯარიმებული და ათასობით მოქალაქე, რომელთაც ჩამოურეკეს და შეურაცხყოფა მიაყენეს – აგინეს. 💬 გაგვიზიარე მეტი მაგალითი კომენტარებში
მკაფიო ანტიდასავლური რიტორიკა
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მმართველ პარტიას პირველად აქვს მკაფიო ანტიდასავლური რიტორიკა და პოლიტიკა.
მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობ ამ მოსაზრებაზე, ასეთი მნიშვნელოვან ცვლილებებზე აუცილებელია გვქონდეს დებატები დაბალანსებულ ძალებს შორის.
“ნაცების” გაქრობის გეგმა მაშინ, როდესაც ყველა “ნაცია”
ერთის მხრივ, მმართველი პარტია გვპირდება რომ “ნაცებს” გააქრობს. ის გაქრობით ემუქრება სიდიდით მეორე პარტიას და შესაბამისად – მის ასობით ათას ამომრჩეველს.
მეორეს მხრივ, მმართველი პარტიის რიტორიკის მიხედვით, “ნაცები” კონკრეტული პარტია კი არ არის, არამედ თითქმის ყველა, ვინც მის წინააღმდეგ არის.
რა გამოდის? მმართველი ძალა არცთუ შეფარულად, ზოგადად მოწინააღმდეგეების და საპირისპირო აზრის გაქრობას გეგმავს?
მეტი ამ საკითხზე: როგორ გახდა ყველა “ნაცი”?