მეშინია…

არჩევნებზე წასვლა გინდა, მაგრამ გეშინია? გემუქრებიან სამსახურის დაკარგვით, პენსიის მოხსნით, ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნით ან სხვა ინსტრუმენტებით?

აქ არ ჩავეძიებით იმას, რომ ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მთავარია გახსოვდეს ერთადერთი – ვერავინ გაიგებს ვის მიეცი ხმა!

“ელექტრონული” არჩევნები

სიტყვა “ელექტრონულმა” ზოგიერთ ადამიანს საფიქრალი მისცა. ხომ არ ნიშნავს ეს რომ მთავრობა მარტივად გაიგებს ვინ ვის აძლევს ხმას?

ორი მიზეზია, რის გამოც ეს არ არის სანერვიულო:

  1. აპარატები არ არის შეერთებული ინტერნეტთან – შესაბამისად, ინფორმაციას არ და ვერ გადასცემენ სხვა წყაროს. არავის შეუძლია მონიტორინგი ვინ და როდის მისცა ხმა. ეს აპარატები უბრალოდ ითვლის რომელი საარჩევნო სუბიექტი რამდენ ბიულეტენზე არის გაფერადებული.
  2. შენს ბიულეტენზე არანაირი პირადი აღნიშვნა არ არის – ეს კიდევ უფრო მარტივი აღსაქმელი და მყარი არგუმენტია – ბიულეტენზე უბრალოდ აფერადებ შენთვის სასურველ სუბიექტს. სხვა არანაირ აღნიშვნას არ აკეთებ. ბიულეტენს დებ კონვერტში, რომელიც მთლიანად მალავს მონიშვნას. შემდეგ, ამ ბიულეტენს ათავსებ ყუთში, რითაც ის ერევა სხვა ბიულეტენებს. შესაბამისად, შეუძლებელია ვინმემ დაადგინოს რომელი ბიულეტენია შენი გაფერადებული. ყუთის გახსნის შემდეგ, შენ თვითონაც კი ვერ გაარჩევ რომელია შენი ბიულეტენი.

ფოტოს გადაღებას მთხოვენ…

თუ ფოტოს გადაღებას გთხოვენ, გახსოვდეს:

  1. კაბინაში მალულად გადაღება შეუძლებელია – კაბინებს აქვს ახალი, ნახევრად ღია დიზაინი. შეუძლებელია ისე ამოიღო მობილური და გადაიღო ფოტო, რომ დამკვირვებელმა არ შეამჩნიოს. ფოტოს გადაღება კი აკრძალულია. ეს იციან მათაც, ვინც ამას გთხოვს.
  2. თუ მაინც მოგიწია სურათის გადაღებამ, გამოცვალე ბიულეტენი – ისე გამოვიდა, რომ სურათი გადაიღე? შეგიძლია გააგზავნო სურათი სადაც საჭიროა, შემდეგ კი მოითხოვო ახალი ბიულეტენი. ბიულეტენს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიიღებ.

პირადობას მთხოვენ…

თუ არჩევნებამდე პირადობის დოკუმენტი გთხოვეს და გითხრეს, რომ არჩევნების შემდეგ დაგიბრუნებენ, ეს შეურაცხყოფასთან ერთად მძიმე დანაშაულიც არის – არ გაატანო პირადობა, ან თუ უკვე გამოგართვეს – მიმართე პოლიციას.

თუ პირადობის ნომერი ამოიწერეს, გახსოვდეს, რომ ეს არის მხოლოდ დაშინების გზა – ამით ქმნიან ილუზიას, რომ ამ ნომრით გაარკვევენ ვის მიეცი ხმა. თუმცა, ეს რომ ასე არ არის პირველ სექციაში უკვე ავხსენით.

მთხოვენ ბიულეტენი გარეთ გავიტანო და ვაჩვენო

დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებიან რომ ეს არ მოხდეს. ეს მათაც იციან, ვინც ასეთ რამეს გთხოვს – შესაბამისად, ვერავინ დაგიმტკიცებს, რომ არ გიცდია გატანა.

შეჯამება

ამ ყველაფრიდან შეგიძლია დაიმახსოვრო მხოლოდ ერთი – ნებისმიერი ზეწოლა არის უბრალო მანიპულაცია. რეალურად, ვერავინ გაიგებს ვის მიეცი ხმა. ეს მათაც იციან – ვინც შენზე ზეწოლას ცდილობს. ამიტომ, ეს არის ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელსაც უნდა გაუძლო. რეალურად, მათ ხელში არანაირი ბერკეტი არ არის.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx