პროტესტის გამოხატვის უფლება რომ შეზღუდულია, ამას უკვე შევეხეთ. რამდენიმე დამატებითი მაგალითი გვინდა მოგიყვანოთ.
ბოლო რამდენიმე კვირაში, პროტესტს შეუერთდა არაერთი საჯარო მოხელე. ამის პარალელურად, მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ამარტივებს საჯარო პირის სამსახურიდან დათხოვნას, ხელფასის 20%-ის დაკავებას, ჩამოქვეითებას. ბუნებრივია, სამთავრობო მესიჯია რომ ეს ყველაფერი მეტი ეფექტიანობისთვის კეთდება. მაგრამ, ხომ არ არის ეს საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების შეშინება? და თუ არის, გსურს ასეთი წესრიგი საქართველოში? ჩვენ – არა.
პარალელურად მიიღეს მეორე კანონიც – ეს კანონი მხოლოდ საჯარო პირებს აღარ ეხებათ. ბოლო კვირებში დააკავეს მრავალი ადამიანი სხვადასხვა უკანონო გზით. ამ კანონით, ეს გზები კანონიერად იქცევა. მაგალითად, თუ ერთხელ მაინც ყოფილა მოქალაქე დაკავებული, მისი მეორედ დაკავება პოლიციას მხოლოდ ეჭვის საფუძველზე შეუძლია (48 და მეტი სააათით). მთავრობის განმარტება არის საფრთხის პრევენცია – “ამ ადამიანმა ადრე დააშავა, ხომ შეიძლება კიდევ დააშავოს?” არ ჩავეძიებით ამ კანონის სხვა პუნქტებს, როგორიცაა მაგალითად სახის ნებისმიერი გზით დაფარვისთვის 2000 ლარიანი ჯარიმა (შარფი, პირბადე თუ სხვა).
საბოლოოდ, პროტესტი უკიდურესად გართულდება – თუ საჯარო სექტორში მუშაობ, შენი გაშვება ძალიან მარტივდება, გაშვების შემდეგ რუსთაველზე თუ მიხვალ – იქ გცემენ, შემდეგ კი უსამართლო სასამართლოში გაგასამართლებენ.
ჩვენ არ გვსურს ასეთი წესრიგი საქართველოში. თუ ფიქრობ, რომ რაიმეს ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავთ – ვისაუბროთ, აგვიხსენი.