“აპოლიტიკური ვარ”, “არ ვერევი პოლიტიკაში”, “პოლიტიკა რა ჩემი საქმეა”, “გავმიჯნოთ პოლიტიკა და სპორტი, კულტურა, კვება…“ – ალბათ არაერთხელ გსმენია ეს ფრაზები. შეიძლება შენც ასე ფიქრობდე, და ამის ობიექტური მიზეზებიც გქონდეს – იმედგაცრუება და დაღლილობა.
მაგრამ მოდი, ჩავუღრმავდეთ: არის კი შესაძლებელი, რომ ადამიანს პოლიტიკა არ აინტერესებდეს ან არ ეხებოდეს? თუ კი, როგორ ან რატომ?
რას ნიშნავს “არ მაინტერებს პოლიტიკა”?
პოლიტიკა – ეს არის წესები, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვვურთიერთობთ ერთმანეთთან.
შენ დებ თანხას საერთო ყულაბაში (ბიუჯეტში). ამ თანხით კი, ქირაობ შენსავე მოქალაქეებს (პოლიტიკოსებს) და აძლევ საქმეს – შეისწავლონ შენი და შენი თანამოქალაქეების პრობლემები, და შემოგთავაზონ ისეთი კანონები, რომლებიც გაგიმარტივებს ცხოვრების ხარისხს.
დაახლოებით ისეა, როგორც სამეზობლო კორპუსში. შენი საკუთარი ბინის გარდა საერთო საქმეებიც ხომ მისახედია – ლიფტი, სადარბაზო, ფასადი, საკანალიზაციო მილი.. ამიტომ, საერთო ყულაბაში ყოველთვიურად დებ თანხას, ქირაობ ამხანაგობის თავმჯდომარეს და ავალებ, რომ ამ თანხით პრობლემები მოაგვაროს და კორპუსი გააუმჯობესოს.
შეიძლება შენი დადებული თანხა არ გაინტერესებდეს? დავუშვათ შეიძლება – შენი ცხოვრება გაქვს, არ გაქვს დრო ჩაეძიო როგორ იხარჯება ეს ფული. მაგრამ, რას გააკეთებ მაშინ, თუ ამხანაგობა ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ რისკების თავიდან არიდების მიზნით, ყველა მოსახლემ მხოლოდ ერთი კონკრეტული სანტექნიკოსის მომსახურება უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში დაჯარიმდებით, დაისჯებით. თან, მემგონი ეს სანტექნიკოსი ამხანაგობის თავმჯდომარის ნათესავია, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
სხვა სიტყვებით – როგორ მოიქცევი მაშინ, როდესაც შენი დაფინანსებული სისტემა მხოლოდ ფულს კი არ გპარავს, პირიქით – გიტევს კიდეც. გიტევს კანონით, რომელიც დაწერა, პოლიციით რომელიც დაიქვემდებარა და მოსამართლით, რომელიც დანიშნა.
შევეშვათ კორპუსის და ამხანაგობის ანალოგიას. არ გაინტერესებდეს პოლიტიკა ნიშნავს, რომ არ გაინტერესებდეს:
- როგორ ხარჯავენ პოლიტიკოსები შენი გამომუშავებული 1000 ლარიდან გამორთმეულ 200 ლარს
- როგორ განათლებას იღებ შენ ან შენი შვილი
- რამდენია კომუნალური თუ სხვა აუცილებელი ხარჯები
- როგორ ჯანდაცვას იღებ
- ევროპაში მოგზაურობისას ვიზა გჭირდება თუ არა
- რომ ბინის შეძენა წარმოუდგენლად გართულდა
- იმ პროდუქტის ხარისხი, რომელსაც ჭამ და წყლის, რომელსაც სვამ
- სამართლის პოვნა
- გაუმართავი ინფრასტრუქტურა, თვეობით გადათხრილი გზები და ხიდები, უხარისხოდ გაკეთებული პროექტები გაბერილი ფასებით
- ტრაგედიიდან ტრაგედიამდე გატარებული უმოქმედო პერიოდები
- საცობში გატარებული საათები ხიდის გამო, რომელიც 3 წლის წინ უნდა დასრულებულიყო
- რომ მაღაზიაში იგივე თანხით ყოველდღიურად ნაკლები პროდუქტი მოგდის
შეიძლება ისე გაიკვალე გზა, ისე მოირგე ცხოვრება, რომ ყველა ამ პრობლემას ერიდები. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს რომ არ გაინტერესებს:
- შენს გარშემო მყოფთა ცხოვრების ხარისხი
- ობოლი ბავშვი, რომელზეც თავშესაფარში ძალადობენ
- შშმ პირი, რომელიც სახლიდან გამოვლას ვერ ახერხებს
- ხელოსანი, რომელიც მშენებლობიდან ვარდება
- პატიმარი, რომელსაც პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო
- ონკოპაციენტი, რომლებიც წამალს ელოდება, და ელოდება
- თანამოქალაქე, რომელსაც სახლთან ჩასაფრებით ესხმიან თავს და ამის გამო არავის იჭერენ
- ათობით ათასი ადამიანი, რომელიც ემიგრაციაში წავიდა, რადგან ამ ყველაფერმა საკმარისად შეაწუხა
არა, კი მაინტერესებს, მაგრამ…
რთული წარმოსადგენია ზემოთჩამოთვლილი ვინმეს არ აინტერესებდეს. უფრო ხშირი მიზეზი “აპოლიტიკურობის” უკან არის რამდენიმე. განვიხილოთ.
პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა, მე რა ვიცი
ეს იგივეა რომ თქვა, ბინის გეგმა არქიტექტორს მივანდე მე რა ვიცი ბინის გეგმებიო, არადა – შენ უნდა იცხოვრო შიგნით.
რეალურად, რა არის პოლიტიკა? პოლიტიკა არის ისეთი კანონების მიღება, რომელიც საზოგადოებას სჭირდება – პოლიტიკოსმა საზოგადოებას უნდა მოუსმინოს და მოარგოს. სხვა შემთხვევაში, საიდან მიხვდება საჭიროებებს?
პოლიტიკოსი უნდა იყოს შენი, მოქალაქის ინტერესების გამტარებელი. ამისთვის, საჭიროა 1) გამოხატო შენი ინტერესი და 2) გააკონტროლო რომ ის მართლაც ასრულებს დავალებას. თუ ორივე პასუხისმგებლობას ჩამოიხსნი, რჩება მხოლოდ ერთი – ჩაურიცხო ხელფასის 20% და არ დასვა შეკითხვები, როდესაც ის ამ თანხით ახალ სახლს აიშენებს სახელმწიფოსგან 1 ლარად შესყიდულ მიწის ნაკვეთზე.
ჩემი მოსაწონი პარტია ვერ ვიპოვე
პოლიტიკა არის წესები თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, და ამ წესების დადგენას კონკრეტულ ადამიანებს ვანდობთ. წესებს აღსრულება ჭირდება. ამიტომ, მათ ვანდობთ ჩვენს დასჯასაც – თუ არ შევასრულებთ მათ მოფიქრებულ კანონებს, შეუძლიათ დაგვაჯარიმონ ან დაგვიჭირონ.
პარტია არის ის, ვინც გვპირდება გარკვეულ მოწყობას – მისეულ წარმოდგენაში როგორი იქნებოდა ქვეყანა, რა კონკრეტული გეგმები აქვს ასეთი ქვეყნის ასაშენებლად. საინტერესოა, ემთხვევა თუ არა მისი ხედვა შენსას.
შეიძლება არ არსებობს პარტია რომელიც მოგწონს ან ენდობი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს – აირჩიე შედარებით უკეთესი, შენ შექმენი ასეთი პარტია, გააპროტესტე, ისაუბრე, დაარწმუნე, გადაარწმუნე… დემოკრატია ასეთ თვითორგანიზებაზე დგას.
მეტის წაკითხვა ამ საკითხზე: არ ვიცი ხმა ვის მივცე, არავინ მომწონს
არ მცალია რომ დეტალურად ჩავეძიო
რთულია პოლიტიკას მიყვე – ყველას გვაქვს საკუთარი საქმე. ვერ მივყვებით ყველა კანონის ყველა განხილვას, დებატს, საარჩევნო დაპირებას, შესრულებულ საქმეს. კი, ცუდია რომ ის ხიდი 3 წელია კეთდება და ბიუჯეტიც 2 ჯერ ამოიწურა, მაგრამ ვის სცალია ამის მოსაკითხად?!
დიდი დოზით დაკვირვება რთული და უინტერესოც კი შეიძლება იყოს, რაც გასაგებია. შეიძლება არ გქონდეს სრულყოფილი, არგუმენტირებული წარმოდგენები, მაგრამ სცადე შეიქმნა მინიმალური ხედვა მაინც. (მეტი ამ საკითხზე)
არ მომწონს, მაგრამ მე რა შემიძლია?
შეიძლება უბრალოდ უიმედოდ ხარ – იცი, რომ რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ გაქვს ამ ცვლილების იმედი.
ადვილია მიეცე სასოწარკვეთას. რეალურად, შეიძლება საქმე მარტივად არ იყოს, მაგრამ გაცილებით რეალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მეტი ამ საკითხზე: არ მაქვს ცვლილების იმედი, ისევ ესენი დარჩებიან
შეჯამება
პოლიტიკაში მონაწილეობა არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ პასუხისმგებლობაცაა. აპოლიტიკურ საზოგადოებაში ხელისუფლებას აღარ სჭირდება უმრავლესობა, რადგან უმრავლესობა გათიშულია. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსებისთვის მომგებიანია პოლიტიკის სტიგმატიზაცია – ისინი ოცნებობენ, რომ პოლიტიკას ზურგი შეაქციო და არ ჩაერიო. შენგან მხოლოდ გადასახადები ჭირდებათ, შენი აზრები კი შენთვის შეგიძლია დაიტოვო.