თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს
სექცია: რა პრობლემებია შენს პოზიციაში?
ქვეთემა: სად არის შენი ზღვარი?
“რამდენი” უსამართლობაა საკმარისი? იმდენი, რამდენიც წინა ხელისუფლების დროს? უფრო მეტი? ნაკლები?
როცა საქმე უსამართლობას ეხება, ასეთი ლიმიტის ძიება და დაწესება სარისკო საქმეა. უსამართლობას ან გმობ და ებრძვი, ან – არა. როგორც კი ზღვარის გავლებას შეეცდები, თან იქნება ცდუნებაც, რომ ცოტა მეტიც აიტანო და გადაინაცვლო მუდმივი აწონ-დაწონვის რეჟიმში, სადაც ყოველი შემდეგი უსამართლობა უფრო და უფრო უფასურდება.
თუმცა, თუ მაინც ავლებ ზღვარს, ასეთ კითხვას დაგისვამთ: რატომ უნდა დაველოდოთ ამ მომენტის დადგომას? რატომ უნდა გავწიროთ ქვეყანა და ადამიანები დამატებითი გარდაუვალი ზიანისთვის? რატომ უნდა ვიყოთ ჩუმად მანამ, სანამ უსამართლობის შენეულ საზღვარს არ მივაღწევთ?
ძირითადად, აქ ერთი პასუხი გვხვდება ხოლმე: “იქნებ არ მიაღწიონ ამ ზღვარს”. თუმცა, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩვენი სიჩუმით ხელისუფლება, დროთა განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტად გაირყვნება და გათამამდება.