როგორ ეხება ფიზიკურ პირს?

ეს კითხვა დაბნეულობას იწვევს. საქმე იმაშია, რომ კანონის ერთ ნაწილს აქვს პირდაპირი შეხება ფიზიკურ პირებთან.

კანონში ორი მთავარი ნაწილია:

  1. იარლიყი – ვის დაერქმევა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”
  2. მონიტორინგი და ჯარიმები – რა უფლება ენიჭება ხელისუფლებას რომ ეჭვისა თუ დასმენის საფუძველზე, შემოწმების მიზნით, ამოიღოს ინფორმაცია და დააჯარიმოს სხვადასხვა სუბიექტი.

ფიზიკურ პირებს არ ეხებათ პირველი ნაწილი – მათ არ მუწევთ “უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად” რეგისტრაცია.

მათ ეხებათ მეორე ნაწილი შემდეგ კონტექსტში:

  1. იუსტიციის სამინისტრო, ანონიმური განაცხადის საფუძველზე შედის არასმთავრობო ორგანიზაცია X-ში და ითხოვს მისგან ინფორმაციას;
  2. ამ პროცესის ფარგლებში, სამინისტროს შეუძლია დამატებითი, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია მოიძიოს ფიზიკური პირისგან, ვისაც, რეალურად ან მისი ვარაუდით, ჰქონდა ურთიერთობა ამ არასმთავრობოსთან. მაგალითად – მიიღო იურიდიული დახმარება, ჩაიტარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, მიიღო ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური კონსულტაცია, გაუწია მომსახურება როგორიცაა სარეკლამო ბანერის შექმნა და სხვა.
  3. მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით.

რას ნიშნავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი?

ეს არის მონაცემი, რომელიც უკავშირდება პირის:

  • რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
  • პოლიტიკურ შეხედულებებს;
  • რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;
  • პროფესიული კავშირის წევრობას;
  • ჯანმრთელობას;
  • სქესობრივ ცხოვრებას;
  • ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს;
  • მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას;
  • ადამიანით ვაჭრობის ან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლად ცნობას;
  • პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;
  • ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს.

როგორ ეხება ეს კანონი ფიზიკურ პირებს ირიბად?

ზემოთ აღვწერეთ როგორ ეხება ეს კანონი ფიზიკურ პირებს პირდაპირი გზით. თუმცა, ამის გარდა, ბუნებრივია კანონი, ირიბად ისედაც ეხებათ და ეხებოდათ ფიზიკურ პირებს ამ ბოლო ჩასწორებამდეც – არასამთავრობო ორგანიზაციების შეფერხება, სტიგმატიზაცია და საბოლოოდ დახურვა ნიშნავს იმ სარგებლის გაქრობას, რასაც ათასობით ადამიანი იღებს – იქნება ეს უფლებების დაცვა, მკურნალობა, სამეწარმეო გრანტები თუ სხვა.

გამოწერა
Notify of
guest
0 Comments
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx