ხმების დათვლა

საარჩევნო ყუთები შემოწმებულია, ბიულეტენები – მაგიდაზეა. ხმების დათვლის დროა.

პირველი მთვლელი სათითაოდ იღებს ბიულეტენებს, იჭერს ყველას დასანახად (თუ საჭიროა, ბიულეტენს ატრიალებს ყველა მიმართულებით) და აცხადებს ვისთვის არის მიცემული ხმა. ამის შემდეგ, ბიულეტენს დებს შესაბამისი პარტიის ადგილას.


🔀 ბიულეტენების დახარისხება

პირველი ნაბიჯი არის ბიულეტენების დახარისხება ვალიდურ და ბათილ ბიულეტენებად.

სად მიდის ვალიდური ბიულეტენი?

ვალიდური ბიულეტენები იდება შემოხაზული პარტიის დასტაზე.

სად მიდის ბათილი და საეჭვო ბიულეტენები?

ბათილი და საეჭვო ბიულეტენები ლაგდება ცალკე.

ბიულეტენი ბათილდება თუ გაფერადებულია ერთზე მეტი წრე ან არცერთი წრე არ არის გაფერადებული.

ერთადერთი წესი არის რომ გაფერადებული იყოს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წრე. სხვა სახის წარწერას ან აღნიშვნას ძალა არ აქვს.

მაგალითად, თუ ამომრჩეველმა გააფერადა ერთი წრე, შემდეგ კი გადახაზა და გააფერადა მეორე წრე და ასევე მიაწერა, რომ ეს მეორე წრე არის მისი რეალური არჩევანი, ეს ბიულეტენი გაბათილდება. ამის ნაცვლად, ამომრჩეველმა უნდა მოითხოვოს ახალი, სუფთა ბიულეტენი.

📜 როდის ბათილდება ბიულეტენი ძველი წესის შემთხვევაში?

პრინციპი აქაც იგივეა, თუმცა ტექნოლოგიური სხვაობის გამო გვხვდება რამდენიმე სხვაობა:

  • ბიულეტენი ეკუთვნის სხვა უბანს
  • ბიულეტენი არ არის გადამოწმებული ხელმოწერით ან ბეჭდით
  • ბიულეტენი ყუთში მოთავსდა კონვერტის გარეშე
  • სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის
  • კონვერტში დევს ერთზე მეტი ბიულეტენი

რას უნდა დააკვირდე განსაკუთრებით?

  • ვალიდური ბიულეტენი იდება შესაბამისი პარტიის ადგილას
  • ბათილობის საფუძვლებს – რამდენად სწორად და ერთნაირი პრინციპით აბათილებს კომისია მთავრობის და ოპოზიციის ბიულეტენებს?
  • ელექტრონულ აპარატსა და ხელით გადათვლას შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. სხვაობა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ბათილმა ბიულეტენებმა – აპარატმა და კომისიამ შეიძლება სხვადასხვანაირად შეაფასონ რომელი ბიულეტენი უნდა გაბათილდეს.
  • უბანზე მყოფმა რომელიმე პირმა დასტაში არ შეურიოს დამატებითი ბიულეტენი

🤔 საეჭვო ბიულეტენების განხილვა

საეჭვო ბიულეტენი არის ისეთი ბიულეტენი, რომელზეც ჯერ არ გადაწყვეტილა – ჩაითვალოს ვალიდურად თუ ბათილად.

გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით – ხმათა უმრავლესობით. თუ ხმები გაიყო, გადამწყვეტი ხდება კომისიის თავმჯდომარის ხმა.


🔢 ბიულეტენების დათვლა

ახლა უკვე აღარ გვაქვს არცერთი საეჭვო ბიულეტენი – ეს ბიულეტენები ჩაითვალა ვალიდურად ან ბათილად.

ეს ბიულეტენები ილუქება ცალ-ცალკე – 1) ვალიდური და 2) ბათილი ბიულეტენების პაკეტებში.


📜 შემაჯამებელი ოქმის მომზადება და ხელმოწერა

ბიულეტენების დათვლის დასრულების შემდეგ, კომისიის მდივანი ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შეაქვს შემდეგი მონაცემები:

  • სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა
  • ამომრჩეველთა რაოდენობა 12 საათსა და 17 საათზე
  • ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა
  • ბათილი ბიულეტენების რაოდენობა
  • თითოეული პარტიისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა
  • კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომერი

შემაჯემებელ ოქმს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის ყველა წევრი. ეს ხელმოწერა ადასტურებს მათ ყოფნას საარჩევნო უბანზე.

როგორ გამოიყურება შემაჯამებელი ოქმი?
ილუსტრაციის წყარო: daitove.learnworlds.com
ყველა შეტანილი რიცხვი უნდა დაიწყოს მარჯვნიდან და თავისუფალ კვადრატებში უნდა ჩაიწეროს სიმბოლო იქსი. წყარო: daitove.learnworlds.com
საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რათა დადასტურდეს მათი ყოფნა საარჩევნო უბანზე. წყარო: daitove.learnworlds.com
თუ კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს ოქმში წერილობით აღნიშნოს მისი განსხვავებული აზრი, მაგრამ ოქმს ხელი მაინც უნდა მოაწეროს. . წყარო: daitove.learnworlds.com
რა ხდება, თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმს?

ამისთვის არის გრაფა “განსხვავებული აზრი”. კომისიის წევრი თავის აზრს წერს ამ გრაფაში და აწერს ოქმს ხელს, რათა დაადასტუროს მისი ყოფნა უბანზე.


✍️ საბოლოო დამოწმება

ოქმი უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, ასევე კომისიის თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერებით.


📱 შემაჯამებელი ოქმის გაგზავნა “ცესკოსთვის”

შემაჯემებელი ოქმი, სპეციალური ტაბლეტით, ეგზავნება “ცესკოს”. ხარვეზის შემთხვევაში, ოქმი, სისტემაში ასატვირთად, გადაეცემა საოლქო საუბნო კომისიას.


📄 შემაჯამებელი ოქმის ასლების გაცემა

შემაჯამებელი ოქმის ასლებზე რაც უნდა იცოდე:

  • კომისიამ უნდა გამოაკრას კენჭისყრის შენობაში
  • უბანზე მყოფ აკრედიტებულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ ასლი
  • ასლებიც ანალოგიურად მოწმდება – ბეჭდით, თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერებით, ეს აძლევს დედანთან გათანაბრებულ ძალას
  • ასლის მიმღები პირი, ასლის მიღებას 📒 ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს

რას უნდა მიაქციო ყურადღება?

აუცილებლად აიღე ერთი ასლი. მომდევნო დღეს შეგეძლება საიტზე გამოცხადებულ შედეგებს შეადარო და საბოლოოდ დარწმუნდე მონაცემების სისწორეში.


📒 ჩანაწერთა წიგნის დახურვა

ასლები გაცემულია. იწყება ჩანაწერთა წიგნის დახურვა.

კომისიის მდივანი, ბოლო ჩანაწერის შემდეგ აწერს “დახურულია”, უთითებს თარიღს და დროს. ბოლოს, თავმჯდომარესთან ერთად, აწერს ხელს და ადასტურებს კომისიის სპეციალური ბეჭდით.

კომისია ლუქავს:

  • ჩანაწერთა წიგნს და, მასთან ერთად, საჩივრებს
  • საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს

ყველაფერი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx