რა ხდება ჯგუფში?

Telegram ჯგუფში დაგხვდება ყოველკვირეული, საინტერესო აქტივობები. შეგიძლია შემოუერთდე, უპასუხო, დააფიქსირო აზრი, გააზიარო გამოცდილება. ჯგუფში ვეხმარებით ერთმანეთს სიმართლის დაცვაში და გავრცელებაში – დისკუსიაში, დებატებში, პროპაგანდის განეიტრალებაში.

აქ მოგიყვებით ამ აქტივობებზე.


🎯 ორშაბათი – კვირის მისია

ორშაბათობით გაგიზიარებთ კვირის მისიას. ეს არის მარტივი, პრაქტიკული დავალება, მაგალითად კონკრეტული საკითხის განხილვა ოჯახის წევრთან.

ცალკე, თითოეული ასეთი საუბარი თითქოს ბევრს არაფერს გვაძლევს. ერთი საუბრით რა უნდა შეიცვალოს?! თუმცა, ამ ჯგუფში ვართ ადამიანები, ვინც ვსაუბრობთ, შემდეგ ვაზიარებთ გამოცდილებას, ვაძლიერებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ყოველი შემდეგი საუბარი უფრო შედეგიანი ხდება, ყოველი შემდეგი სიტყვა – უფრო მახვილი.

ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ვცდილობთ მოვაგროვოთ ჩვენი წილი გამოცდილება და გავამზადოთ გასაზიარებლად, დავძლიოთ უხერხულობა, დაძაბულობა თუ სხვა მიზეზები, რის გამოც ადრე ასეთ საუბრებს ვერიდებოდით.

მისიის მაგალითი:

წამოჭერი უვიზო მიმოსვლის საკითხი მინიმუმ ერთ ადამიანთან, რომელთანაც ბოლო პერიოდია არ გისაუბრია. გაგვიზიარე ყველაზე საინტერესო რეაქცია.

ყოველ ორშაბათს გაგიზიარებთ სხვადასხვა მისიას – თემატურად განსხვავებულს, თუმცა ფორმატით და მიზნით მსგავსს.

მისიის ფორმატი
  • შესრულებადი – მისია არის შეძლებისდაგვარად მარტივი და კონკრეტული – კვირის განმავლობაში რომ შეიძლებოდეს მისი შესრულება და შედეგის გაზიარება. შემოუსაზღვრავ მისიას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ჯგუფის დინამიკაზე და მორალზე (მაგ. “გაავრცელე ინფორმაცია X საკითხზე” ბუნდოვანი, და “დაუსრულებელი” ამოცანაა)
  • გაზომვადი – სიმარტივესთან ერთად, მისია გაზომვადიც არის. გასაგებია როდის ჩაითვლება ის შესრულებულად, როდის შეგვეძლება ჯგუფის წევრებს ვთქვათ – მისია შესრულებულია. შესრულების დასტურად გამოდგება მოკლე რეპორტი.

👋 სამშაბათი – მოკითხვა

თუ ორშაბათის მისიას საკმარისი გამოხმაურება არ მოყვა, სამშაბათს დამაზუსტებელ შეკითხვებს და რჩევებს გაგიზიარებთ – როგორ შეგიძლია მიუდგე ამ მისიას.


💭 ოთხშაბათი – ინტერაქტივი, აზრების გაცვლა

ოთხშაბათობით დაგისვამთ შეკითხვას ან შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის ინტერაქტივს იდეების და გამოცდილების გასაზიარებლად.

მაგალითი:

სათაურითქვენ გაფინანსებენ!
შეკითხვაროგორ პასუხობ, როდესაც გეუბნებიან, რომ რუსთაველზე თანხის გამო დგახარ?
განმარტებასაუბრის ან კამათის დროს, ხშირად რეალურ განხილვამდე მისვლას ვერ ვახერხებთ, რადგან მოსაგერიებელი ხდება სხვადასხვა ზედაპირული ბრალდება. ასეთი ბრალდებით “მეორე მხარეს” საშუალება ეძლევა აღარ შემოვიდეს რეალურ საუბარში. საინტერესოა როგორ არღვევ ამ ბარიერს, როგორ პასუხობ ამ ბრალდებას.
როგორ ვუპასუხო?ეცადე ჩაეტიო რამდენიმე წინადადებაში და გაგვიზიარო პერსონალური, კონკრეტული გამოცდილება ან აზრი – შენ რომ გადაგხდა ან შეესწარი.

ყოველ ოთხშაბათს სხვადასხვა ინტერაქტივს შემოგთავაზებთ.

შეკითხვა იქნება:

  • კონკრეტული – საინტერესოა ერთ კითხვაზე მოგროვებული სხვადასხვა პასუხი და გამოცდილება. შევეცდებით არ წამოვჭრათ ზოგადი საკითხები. აქცენტი გაკეთდება ერთ, კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტული, ხარისხიანი პასუხების მოგროვებზე.
  • კრეატიული – შეკითხვის ფორმულირებით ვუბიძგებთ ჯგუფს მრავალფეროვანი, თუმცა კონკრეტული პასუხის დაწერისკენ, მაგ. “როგორ უპასუხებდი ერთი წინადადებით?”; “10 წამი რომ გქონდეს როგორ აუხსნიდი?” ზოგი პასუხი შეიძლება არგუმენტირებული იყოს, ზოგი – იუმორით ნათქვამი, ზოგიც – საერთოდ ირიდებდეს კონკრეტულ პასუხს და გადადიოდეს სხვა, მნიშვნელოვან საკითხზე.
  • განმარტებული – ზოგჯერ, შეიძლება 2-3 წინადადებით აღვწეროთ შეკითხვის კონტექსტი, რას ვგულისხმობთ ამ შეკითხვაში, რა შემთხვევას ეხება ეს შეკითხვა.
  • დამხმარე კითხვები – ზოგჯერ, შეკითხვას შეიძლება დავურთოთ მიმართულების მიმცემი, დამაზუსტებელი ქვე-კითხვებიც, მაგ. “როგორია შენი პირადი გამოცდილება?”.

პასუხი კი იქნება:

  • მოკლე – ძირითადად, გთხოვთ 3-4 ხაზიან პასუხებს.
  • რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული – შეკითხვის პასუხად ველით პირად გამოცდილებას, რაც გადაგხდენია ან რასაც შესწრებიხარ. ზოგჯერ, საინტერესო იქნება თეორიის და რესურსების გაზიარებაც, თუმცა არა რეგულარულად.
  • ერთ საკითხზე ფოკუსირებული – მაგალითად, ზოგჯერ შეიძლება კონკრეტულ კითხვაზე პასუხის დროს გადახვიდე სხვა საკითხზეც, შეეხო სხვა შემთხვევებს მაგალითად, თუ პასუხობ “ბრალდებას დაფინანსებაზე”, იქვე უპასუხო, თუ როგორ პასუხობ, როდესაც ეკლესიაზე თავდასხმას გაბრალებენ. ამ საკითხების განცალკევებაში ჯგუფის მოდერატორები დაგვეხმარებიან.

👋 ხუთშაბათი – მოკითხვა

როგორც სამშაბათს, ხუთშაბათსაც მოვიკითხავთ პროგრესს, გაგიზიარებთ დამხმარე კითხვებს, რჩევებს და შეგახსენებთ, რომ დრო იწურება.

განსხვავებით სამშაბათისგან, ხუთშაბათს დამატებით მასალასაც გაგიზიარებთ:

  • ფაქტები და სტატისტიკა – მოკლე ფაქტები, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ მისიის შესრულებისას ან ინტერაქტივის საპასუხოდ. მაგალითად, “X წლიდან საქართველო Y ადამიანმა დატოვა”.
  • ვიზუალები – მიმები, ჩარტები, მითი VS რეალობა სურათები..
📚 ..და რესურსები საიტიდან

მაგალითად:

და ბევრი სხვა მასალა, კვირის მისიის და ინტერაქტივის შესაბამისად.


🏆 შაბათი – შეჯამება, “დაჯილდოვება”

შაბათს ვაჯამებთ კვირის აქტივობებს:

  • ორშაბათს გამოცხადებული მისიის შედეგებს
  • ოთხშაბათს გახსნილი ინტერაქტივის პასუხებს

ჯგუფის წევრებს გთხოვთ კიდევ ერთხელ გადახედოთ განხილვებს და მოიწონოთ საუკეთესო არგუმენტები/პასუხები.

3 საუკეთესო პასუხი, ავტორის მითითებით იწერება შემაჯამებელ პოსტში.

დამატებით:

  • ამორჩეული პასუხებით განახლდება საიტის კონტენტი, რათა ეს ნაშრომი არ ჩაიკარგოს ჯგუფის ისტორიაში.
  • გაგიზიარებთ ორშაბათის მისიის ტიზერს, მაგალითად: “შემდეგ კვირას ოჯახის წევრებთან ვისაუბრებთ, დაელოდეთ მისიას…”

სხვა

გარდა ჩამოთვლილი აქტივობების, გვაქვს კიდევ ორი ფორმატი/სივრცე:

  1. თავისუფალი ჯგუფი – მოსაუბრეების მეორე, თავისუფალი ჯგუფი, სადაც ნებისმიერი საკითხის ნებისმიერ დროს წამოჭრა და განხილვაა შესაძლებელი.
  2. არაყოველკვირეული აქტივობები შეხვედრით – ზოგჯერ, შემოგთავაზებთ ტრენინგებს, სასწავლო სესიებს, როლების გათამაშებას და სხვა მსგავს აქტივობებს. ძირითადად, ეს იქნება ონლაინ შეხვედრა სხვადასხვა ფორმატით (იდეების ჩამოწერა, გეიმიფიკაცია, ჯგუფებად დაყოფა და სხვა)