ზოგადად, რატომ არის ხმის მიცემა მნიშვნელოვანი?

ხმის მიცემა ბევრი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ხშირად გვსმენია, რომ მოქალაქეები არჩევნებზე არ მიდიან. თუ კი შენც მათ სიაში ხარ, დიდი შანსია ამ მიზეზებიდან რომელიმე განსაზღვრავდეს შენს პოზიციას: არცერთი პარტია არ მოგწონს, ცვლილების პერსპექტივას ვერ ხედავ, ფიქრობ, რომ შენს ხმას ძალა არ აქვს.. ამ და სხვა ტიპის მიზეზებზე აუცილებლად ვისაუბრებთ ვრცლად, თუმცა, ამჯერად, გვინდა გაგიზიაროთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა.

არჩევნებზე ირჩევ შენს მომავალს

არჩევნებზე ირჩევ ადამიანებს, ვინც, მომავალი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს შიდა თუ გარე პოლიტიკას – როგორი ეკონომიკა გექნება, რა ხარისხის განათლებაზე ან მედიცინაზე გექნება წვდომა, და ზოგადად – როგორ იცხოვრებ.

1 ხმაც მნიშვნელოვანია

ასობით ათას ხმაში შენს ხმას რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს? ძალიან დიდი. და, თან, მრავალგვარი:

  • გადამწყვეტი – მხოლოდ საქართველოში რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც კანდიდატის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა. მაგალითად, 1995 წელს ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს მაჟორიტარულ არჩევნებში 1 ხმით მოუგო. ასევე, 2017 წელს, თამაზ მეჭიაურმაც მხოლოდ ერთი ხმით მოიგო. (სხვა შემთხვევები, არჩევნების ისტორია საქართველოში)
  • მორალური – ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლია შენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადო, “შენი გააკეთო”, “შენსას ეცადო”, სხვამ – თავისი ქნას.
  • საზოგადოებრივი – არჩევნებზე შენი წასვლით შეგიძლია სხვასაც უბიძგო იგივე ქცევისკენ. უბრალოდ იმის თქმამ, რომ არჩევნებზე მიდიხარ, შეიძლება შენს მეგობარსაც მისცეს მოტივაცია რომ გამოგყვეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქმნის რეალურ, ჯანსაღ დემოკრატიას. ყველა მოქალაქეს თითო ხმა გვაქვს. ჩვენ თუ არ გამოვიყენებთ – სხვა აუცილებლად გამოიყენებს. ჩვენ თუ არ ვიტყვით ჩვენს წილ სათქმელს – სხვა იტყვის.

არწასვლა პროტესტის ფორმა არ არის, დანებებაა

არჩევნებზე არწასვლას ბევრი მეამბოხეობად წარმოაჩენს. რეალურად, ეს დანებებაა. ეს იგივეა რომ თქვა “აიღეთ ჩემი ხმა და განკარგეთ როგორც საჭიროდ ჩათვლით”, ნაცვლად იმისა, რომ შენ შენი გასაკეთებელი გააკეთო, შენი ხმა დააფასო. აჩვენე ხელისუფლებებს, არსებულს თუ შემდეგს, რომ მათ ქცევაზეა დამოკიდებული მიიღებენ თუ არა შენს ხმას.

გახდი მაგალითი სხვისთვის

ადამიანები სოციალური არსებები ვართ – ერთმანეთის ქცევაზე გავლენა გვაქვს. შენი ნიჰილიზმი და დემოტივაცია სხვასაც გადაედება. საბოლოოდ კი მივიღებთ ინერტულ საზოგადოებას მარადმწვანე დიქტატურით.

სამაგიეროდ, ასევე გადამდებია შენი პრინციპულობა, თუნდაც გაურკვეველ და არაჯანსაღ გარემოში მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. ეს, საბოლოოდ, ქმნის მუხტს და იწვევს ცვლილებას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, ცალკეულად, რთული წარმოსადგენი შეიძლება იყოს.

პატივი ეცი სხვებს

რამდენ ადამიანს გაუღია ჯანმრთელობა ან სულაც სიცოცხლე უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლაში? დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის? ხმის არმიცემით, და პოზიციით, რომ “მაინც არაფერი გამოვა”, არა მარტო საკუთარ ხმას, არამედ მათ ბრძოლასაც უსვამ ხაზს.

შეჯამება

შეიძლება გქონდეს ობიექტური მიზეზები არჩევნებზე უარის სათქმელად, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები გაცილებით მნიშვნელოვანია. გამოიყენე შენი ხმა, დააფიქსირე შენი პოზიცია, გადაეცი ეს მუხტი სხვას.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx