თემა: უკეთ მოიქეცით და მხარს დაგიჭერთ https://gaanate.org/?p=4348
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: დაინტერესებულხარ, საიდან დაიბადა ეს აგრესია?
შენ გვაძლევ შენიშვნას – პროტესტის ზოგიერთი მონაწილე აგრესიულად იქცევა, ხმამაღლა საუბრობს, ზედმეტად ემოციურია და გამომწვევად იქცევა.
ზედმიწევნით ზომავ დეციბალებს პროტესტის მონაწილის ხმაში. გამადიდებელი შუშით აკვირდები მის თითოეულ ქცევას.
მაგრამ, რამ მიიყვანა პროტესტის მონაწილეების ნაწილი აქამდე? ესეც ხომ საინტერესოა?
– ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვსულვართ. საქართველოსთვის ეს უზარმაზარი რიცხვია. არავინ დაგვლაპარაკებია. მხოლოდ მოძალადე ნიღბიანები და შეიარაღება დაგვახვედრეს.
– 2023 წელს არაფერი მოასწავებდა საზოგადოებაში მასიური პროტესტის მუხტის არსებობას, თუმცა "ოცნებამ" შემოიტანა "აგენტების კანონი [LINK: https://gaanate.org/?p=9]", მისი კრიტიკა კი სპეცრაზმით მოიგერია. თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ პროტესტი არ ჩერდებოდა, შეგვპირდა, რომ კანონს უპირობოდ გაიწვევდა და აღარ შემოაბრუნებდა.
– 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას, საზოგადოებაში ტრიალებდა დიდი სიხარული. "ოცნებამ" კი დაარღვია პირობა, მეორეჯერ შემოიტანა "აგენტების კანონი" და თავიდან დაიწყო პროტესტის მონაწილეების სასტიკი დარბევა.
– 2024 წლის ნოემბერში, როდესაც აქციები მილევად რეჟიმში იყო, კობახიძემ გააკეთა განცხადება [LINK: https://gaanate.org/?p=1544], რასაც მოჰყვა მომენტალური მასშტაბური პროტესტი. დარბევებიც განახლდა – ახალი ტექნიკით და მეტი სისასტიკით.
– მხოლოდ 2025 წელს, 8200-ზე მეტი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში – უმეტესობა მათგანი ადმინისტრაციული ჯარიმებით, რომლებიც მრავალ ათას ლარს შეადგენს, ბევრი მათგანი კი სისხლის სამართლის წესით.
ადამიანები დაიღალნენ, გაკოტრდნენ, ჯანმრთელობა დაუზიანდათ. როგორ ფიქრობ, ის ათობით ათასი ადამიანი, ვისზეც “ოცნებამ” განგრძობითად იძალადა და ძალადობს, ახლა კმაყოფილია და ამიტომ არ გამოდის ქუჩაში? მათი სიჩუმე, გადაღლა თუ დაშინება არ უნდა გავაიგივოთ პროტესტის ამოწურვასთან.
როდესაც ცდილობ ხმა გააგონო მთავრობას, და საუბრის ნაცვლად ის ხისტი ძალით ცდილობს შენს გაჩუმებას, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ერთი ადამიანი დგას ქუჩაში თუ 100,000 – რა გზა გვრჩება? გაბრაზების უფლებაც არ გვაქვს? მონები ხომ არ ვართ?
შენ არ დაინტერესებულხარ ამ ბრძოლით, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს, არ ყოფილხარ რუსთაველზე, ინფორმაციას კი სამთავრობო არხებიდან ეცნობოდი. მეტიც, შენი ოჯახის წევრისთვისაც კი არ გიკითხავს ან გიკითხავს, მაგრამ არ დაგიჯერებია. რამდენად მორალურია პროტესტის მონაწილეების ბრაზის კრიტიკა ამ ფონზე?
კონტრასტისთვის, იგივე ხდება სრულიად განსხვავებული თემატიკის აქციაზე – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა რამდენიმე კვირა ისე გაათენეს კანცელარიასთან, რომ მათთან პოლიციის გარდა არავინ მისულა. შემდეგ, სცადეს მათი ბინძური ხერხებით გაშავება. თუმცა, ამანაც რომ არ იმოქმედა, დაიხიეს უკან და წავიდნენ დათმობაზე.
კიდევ გკითხავთ: რას გვირჩევ? ბევრნაირი პროტესტი ვცადეთ – მშვიდი, ხალხმრავალი, მცირერიცხვოვანი, განგრძობითი, ერთ ადგილზე დგომით, მარშით, ბანერებით, უბანეროდ, პარლამენტთან, კანცელარიასთან, რუსთაველზე, დიღმის მაგისტრალზე…
როდესაც საკუთარი მთავრობა საუბრის ღირსად არ გთვლის, რა არის შენი რჩევა პროტესტის მონაწილისადმი?