თემა: თქვენ რევოლუცია გინდათ! https://gaanate.org/?p=4612
სექცია: "რევოლუციის" დემისტიფიკაცია
ქვეთემა: რატომ იყენებს მთავრობა სიტყვა "რევოლუციას"?
ეს პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული ტექნიკაა, რომელსაც ავტორიტარული მთავრობები იყენებენ – მუდმივი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე [LINK: https://gaanate.org/?p=2930#გამოგონილი_საფრთხე]. მისი მიზანია ვიყოთ მუდმივ შიშში.
შიშის მდგომარეობაში კი მოვლენების ანალიზის და გააზრების დრო აღარ გვრჩება. ვმოქმედებთ იმპულსურად, ემოციურად.
წარმოიდგინე სცენარი:
2024 წელს, მთავრობამ ხელმეორედ შემოიტანა აგენტების კანონი, რომელზეც მანამდე დაგვპირდა, რომ უპირობოდ გაიწვევდა და აღარასდროს შემოიტანდა. ამას მოჰყვა მომენტალური, მასიური პროტესტი ქუჩაში.
ახლა მას მოსახდელი აქვს ბოდიში და მოსაფიქრებელი აქვს ახსნა – რატომ დაარღვია პირობა?
ეს რთულია.
უფრო მარტივია თქმა – ამ ადამიანებს რევოლუცია უნდათ, ამიტომ გამართლებულია ნებისმიერი ძალადობრივი გზით ამ მცდელობის აღკვეთა.
ასეთი გაგებით, მთავრობის მიერ ჩადენილი ძალადობა სისტემური დანაშაული [LINK: https://gaanate.org/?p=1349] კი არ არის, არამედ – ქვეყნის გმირულად გადარჩენა ტიტუშკებით [LINK: https://gaanate.org/?p=4051].
ასეთი ტიპის მთავრობისთვის არ არსებობს ადამიანი, რომელიც იმიტომ შეიძლება გაბრაზდეს, რომ პოლიციამ მასზე იძალადა. არ არსებობს ადამიანი, ვინც გაბრაზდება, როდესაც მთავრობა მასთან პირობას დაარღვევს. ყველა ეს ადამიანი არის რადიკალი რევოლუციონერი.
თუ შენ დაიჯერებ მთავრობის ამ ნარატივს, ამით მხოლოდ საქმეს გაუმარტივებ მას, რომ აღკვეთოს ნებისმიერი პროტესტი – საკმარისია შენ შეგაშინოს და დაგაშოშმინოს, რომ ის მიმართავს აუცილებელ ზომებს რევოლუციის აღსაკვეთად, შენ არ ინერვიულო.