თემა: თქვენ რევოლუცია გინდათ! https://gaanate.org/?p=4612
სექცია: "რევოლუციის" დემისტიფიკაცია
ქვეთემა: სად არის რევოლუცია?
მთავრობა პროტესტს ხშირად რევოლუციასთან აიგივებს. განვიხილოთ ორი მაგალითით – რატომ არის ეს გაიგივება არასწორი.
28 ნოემბრის განცხადება და მიმდინარე პროტესტი
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოჰყვა მომენტალური პროტესტი. ადამიანები მომენტალურად, გეგმის გარეშე, ორგანიზების გარეშე გავიდნენ ქუჩაში განმარტების მისაღებად და მოსმენილის გასაპროტესტებლად.
ეს იყო უპარტიო, უსცენო პროცესი ადამიანების, რომელთაც დაახვედრეს სრულად შეიარაღებული სპეცრაზმი და პოლიცია. სად არის რევოლუციის ნიშნები? სად არის ორგანიზატორი? ვინ გასცემს ბრძანებებს? ვინ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა? ვის რა ფუნქცია აკისრია? რა გზით იღებს ინსტრუქციებს ეს ათობით ათასი ადამიანი? ონლაინ-ჯგუფით? წერილებით?
2023 წლის პროტესტი აგენტების კანონის შესახებ
მთავრობა ცდილობს შექმნას სურათი, რომ აქციის მონაწილეები ნებისმიერ მიზეზს ვიყენებთ რევოლუციის საბაბად. ეს რომ ასე არ არის, ამის დასტურად აგენტების კანონიც [LINK: https://gaanate.org/?p=9] გამოდგება – როდესაც 2023 წელს კანონი უპირობოდ გაიწვიეს [LINK: https://gaanate.org/?p=6#%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90], ჩვენც შევწყვიტეთ პროტესტი და წავედით სახლებში, რადგან პროტესტმა მიზანს მიაღწია.
თუ რევოლუცია იყო ჩვენი მიზანი, რატომ გავჩერდით? რატომ არ მოვიგონეთ შემდეგი საბაბი? ის ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ აქციების დროს საკმარისი მიზეზი იქნებოდა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, რომ პასუხისმგებელი პირები გადამდგარიყვნენ, მაგრამ პროტესტი არ გაგრძელებულა.
პარანოია მტკიცებულებების ნაცვლად
ამჟამინდელი მთავრობა აქტიურად იყენებს პროპაგანდის ერთ-ერთ ტექნიკას, გამოგონილ საფრთხეს [LINK: https://gaanate.org/?p=2930#გამოგონილი_საფრთხე] – გვესაუბრება, თუ როგორ უნდა მთელს მსოფლიოს საქართველოს განადგურება, როგორ მუშაობს დიფ სთეითი, როგორ ღებულობენ მუქარისშემცველ ზარებს “უცხოეთიდან”, როგორ ებრძვიან გარე თუ შიდა მტერს, როგორი მართულია ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათ აკრიტიკებს.
თუ მოქალაქეებმა ერთმანეთს წყალი თუ ხაჭაპური დაურიგეს – ეს პროდუქტები უცხოეთიდან არის შესყიდული, რათა პროტესტმა უფრო დიდხანს გასტანოს.
პოლიტიკოსს შეუძლია თქვას რაც მოესურვება – თვითონ დაიჯეროს, ან ეცადოს საზოგადოების დარწმუნებას შეთქმულების სხვადასხვა თეორიაში, შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ “ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის!”.
მაგრამ, სად არის გამოძიება? სად არის მტკიცებულებები? სად არიან დასჯილი ორგანიზატორები, მაგალითად 2023 წლის აქციების, 2024 წლის გაზაფხულის აქციების, 2024 წლის 28 ნოემბერს წამოწყებული აქციის?
ადეკვატურად შევაფასოთ მოვლენები
ჩვენი, მოქალაქეების მიზანია არ ავყვეთ პროპაგანდას და შევაფასოთ მოვლენები ადეკვატურად და გადავწყვიტოთ – არის საქართველო რეკორდსმენი ქვეყანა აღკვეთილი რევოლუციების რაოდენობით [LINK: https://www.facebook.com/share/v/18stL5oJYX/], თუ ამ სიტყვას მთავრობა იყენებს ნებისმიერი მასიური პროტესტის დისკრედიტაციისთვის?
ჩვენ ბევრი მოთხოვნა არ გვაქვს და ყველა პრობლემაზე ქუჩაში არ გამოვდივართ, მაგრამ როდესაც მთავრობა დიდი ტემპით დაიწყებს უკუსვლას, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ. ვფიქრობთ, ეს ადეკვატური ქცევაა და ეს ქცევა საჭიროა მანამ, სანამ მთავრობა მიხვდება, რომ უნდა მოგვისმინოს.