აბა ვინ? – 5. კარგი და.. აბა ვინ? – 5.3 გარდამავალი, ანტი-კრიზისული მთავრობა

თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709

სექცია: 5. კარგი და.. აბა ვინ?

ქვეთემა: 5.3 გარდამავალი, ანტი-კრიზისული მთავრობა

იმის მიუხედავად რას ფიქრობ ამა თუ იმ პარტიაზე თუ კოალიციურ მთავრობაზე, ორივე გზა ეყრდნობა ერთ მთავარ დაშვებას: არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად, სანდოდ. თუ ეს ნდობა არ არსებობს, ამ ვარიანტების ანალიზსაც ეკარგება აზრი.

რა ხდება მაშინ, თუ რეჟიმმა ისე დააზიანა გარემო, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება აღარ გამოდის? დაწყებული საჯარო სექტორის დაშინებით თუ მოსყიდვით, დამთავრებული გასაჩივრების უფლების პრაქტიკულად წართმევით. რეჟიმმა, 2024 წლის არჩევნების ხარვეზების არგამოსწორების გარდა [LINK: https://gaanate.org/?p=1859#%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93_%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98], არაერთი ახალი, მნიშვნელოვანი საზიანო კანონი მიიღო.

ტრადიციული ანტი-კრიზისული გზა გულისხმობს ამ ძირითადი დაზიანებების გამოსწორებას და გარემოს იმ დონემდე მიყვანას, სადაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება კვლავ შესაძლებელი გახდება – ეს მოიცავს ცვლილებების გატარებას არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობაში, არამედ – მედიის თავისუფლების, სასამართლო დამოუკიდებლობის, საჯარო მოხელეების პარტიული ინტერესებიდან გამოყოფის და სხვა კუთხით.

QUOTE:
“ეს ხომ არადემოკრატიულია?”
END QUOTE

რატომ ვანდობთ ასეთი ტიპის მთავრობას ქვეყნის ბედს? სად არის დემოკრატია? საქმე იმაშია, რომ, როგორც ვახსენეთ, დემოკრატიის დასაბრუნებლად საჭიროა ერთგვარი სამაშველო ოპერაციის ჩატარება, რათა არჩევნებს დაუბრუნდეს აზრი, შემდეგ კი გაგრძელდეს ტრადიციული გზით სვლა.

ანტიკრიზისული მთავრობის მთავარი შემზღუდავი მექანიზმი არის დრო – ძირითად შემთხვევებში ეს არის 3 თვიდან 2 წლამდე პერიოდი.