ეს არის მოკლე, ძირითადი ინფორმაცია თუ რა უნდა გაითვალისწინო როგორც დამკვირვებელმა.
📅 როდის რა უნდა გააკეთო?
რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი.
19 ოქტომბერი – მიდი საარჩევნო უბანზე, დაესწარი როლების განაწილებას
მიდი ადგილზე 7 დღით ადრე, 19 ოქტომბერს და გაიცანი სხვა დაკვირვებლები და კომისიის წევრები. დაესწარი როლების განაწილებას.
დაიმახსოვრე – ვინ დაინიშნება რეგისტრატორად, ვინ გააკონტროლებს ამომრჩევლის უბანზე შემოსვლას და ვინ იქნება გადასატანი ყუთის ზედამხედველი. ესენი არიან ადამიანები, ვისაც დააკვირდები არჩევნების დღეს.
22 ოქტომბერი – ბოლო ვადა დამკვირვებლად რეგისტრაციისთვის
22 ოქტომბრამდე გაქვს ფიქრის დრო. თუმცა, ჯობს დაიჭირო თადარიგი და მანამდე გახდე დამკვირვებელი.
25 ოქტომბერი – 18:00-მდე, მიდი უბანზე, ყველაფერი წესრიგშია?
25 ოქტომბერს, 18:00-მდე მიდი უბანზე და დარწმუნდი, რომ რეგისტრატორების განლაგების ადგილას, უკან, რჩება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ შეძლო დაკვირვება.
📷 რჩევა: თუ ყველაფერი რიგზეა, გადაიღე ფოტო – მეორე დღეს თუ სხვანაირად დაგხვდა მტკიცებულება გექნება.
თუ საკმარისი სივრცე არ არის და არც აპირებენ გამოწევას, დაუკავშირდი შენს სადამკვირვებლო ორგანიზაციას.
26 ოქტომბერი – არჩევნების დღე
დადგა ეს დღეც. დღე იწყება უბნის გახსნით, გრძელდება ხმის მიცემის პროცესით და სრულდება ხმების დათვლით.
როგორია ეს პროცედურები და რას და დააკვირდე მათი მიმდინარეობისას, ეს უკვე შესაბამის გვერდებზე შეგიძლია დაათვალიერო.
🎒 წაიყოლე
უბანზე მთელ დღეს, ან მის დიდ ნაწილს გაატარებ. წაიყოლე:
- Powerbank (ფაუერბანკი) – ტელეფონის დასატენად
- სნექები – შოკოლადი, ჩურჩხელა ან რაიმე მსგავსი, სწრაფად წასახემსებლად
- წყალი
- ენერგია 😊 – მთელი დღე საარჩევნო უბანზე უნდა იყო, შეეცადე დროულად დაიძინო და საკმარისი ენერგიით დაიწყო დღე.
✅ რისი უფლება გაქვს არჩევნების დღეს?
შენ სარგებლობ საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებით. ეს ნიშნავს, რომ თუ ხელს არ შეუშლი კენჭისყრის პროცესს, შეგიძლია:
- ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, შეუზღუდავად და თავისუფლად დააკვირდე კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.
- მოსთხოვო ამომრჩეველს გიჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი ან ჩარჩო-კონვერტი აქვს ხელში.
- დააკვირდე გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს;
- დააკვირდე ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისე, რომ მკაფიოდ ხედავდე ბიულეტენებს;
- დააკვირდე შემაჯამებელი ოქმის შედგენას
კომისიის ვალდებულებაა, რომ შეგიქმნას ამ ყველაფრისთვის საჭირო პირობები.
❌ რისი უფლება არ გაქვს არჩევნების დღეს?
- ჩაერიო საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში – მხოლოდ დააკვირდი და მოუწოდე
- გავლენა მოახდინო ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ან გამოხატო რომელმე პარტიის მხარდაჭერა სიტყვიერად ან სიმბოლიკით
- შეაწუხო/გააღიზიანო ამომრჩეველი – არ მიუთითო, არამედ დაეხმარე, მოემსახურე.
ეს შეიძლება გაძევების საფუძველი გახდეს. გახსოვდეს – რომ გაძევების დასაბუთება კომისიის წევრებს მაინცდამაინც არ სჭირდებათ. ნუ მისცემ საბაბს.
აბა, რა ბერკეტი მაქვს?
შენი ერთადერთი ბერკეტი არის საჯაროობა – მოუწოდე, გადაუღე. აღწერე ვიდეოთი თუ როგორ არ ეთანხმებიან შენს კანონიერ მითითებას.
🫡 თუ მაინც დაგატოვებინეს უბანი
რამდენიმე რამ შეგიძლია გააკეთო:
- დარწმუნდი, რომ პროცედურის დაცვით გატოვებინებენ უბანს – მოითხოვე გაძევების აქტი და დასაბუთება (გახსოვდეს შენი უფლებები – ზემოთ)
- ეცადე გადაიღო გაძევების ამსახველი მოკლე ვიდეო
- შეატყობინე მომხდარი შენს საორგანიზაციო ჯგუფს
- გადაინაცვლე სხვა უბანზე, სადაც შენი ორგანიზაციიდან არის დამკვირვებელი, გაუცვალე ადგილი – დამკვირვებელს ყველა უბანზე შეუძლია შესვლა, დააზუსტე შენს საორგანიზაციო ჯგუფთან ვინ სად იქნება.
📜 როგორ უნდა დაწერო საჩივარი?
თუ პროცედურის დარღვევა შენიშნე, ჯერ:
- სცადე მითითებით მოგვარება
- შემდეგ მიმართე უბნის თავმჯდომარეს
- შემდეგ მიმართე საჩივრის დაწერის გზას
საჩივარი მნიშვნელოვანი ბერკეტია, საარჩევნო უბნების კომისიები ერიდებიან საჩივრების მიღებას და ცდილობენ დამკვირვებლებს არ მისცენ მიზეზი მის დასაწერად.
სულ რამდენიმე წესია:
- საჩივრის დაწერის დრო – გააჩნია რას ეხება საჩივარი:
- ხმის მიცემის პროცესი – უბნის გახსნიდან, ანუ 06:45-დან ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე. საჩივარი უნდა დაწერო დარღვევის შემჩნევისთანავე.
- ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი – ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
- სხვა სიტყვებით – როგორც კი შეამჩნევ დარღვევას, დაწერე საჩივარი, არ გადადო.
- ადგილი – საჩივარი აუცილებლად უნდა დაიწეროს უბანზე. სხვა შემთხვევაში მას ოლქი არ განიხილავს.
- გადაეცი საჩივარი – კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. ის დაარეგისტრირებს საჩივარს ჟურნალში და ჩანაწერთა წიგნში. შენ კი გადმოგცემს ხელმოწერილ ცნობას, რომელზეც მითითებულია საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
- გასაჩივრების ორი დონე – საჩივარი ორ დონიანია. უბანზე დაწერილი საჩივრის გასაჩივრება ხდება მეორე დონეზე – ოლქში. უმჯობესია გააკეთო საჩივრის ასლი – ოლქში გასაჩივრებლად.
- უბნის მდივანმა მიუთითოს რეგისტრაციის ნომერი – თხოვე, რომ მის ჟურნალში მიუთითოს რეგისტრაციის ნომერი.
შესაბამისად, საარჩევნო კომისია არ განიხილავს საჩივარს თუ:
- ის შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ
- მასში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და დრო
- ის შეტანილ იქნა ვადისა და წესის დარღვევით
📃 როგორია საჩივრის ფორმა?
- გახაზე სიტყვა “საჩივარი”
- თუ რომელიმე გრაფას ცარიელს ტოვებ, ჩაწერე ლათინური ასო “Z”
- მოწმე – თუ მოწმეს ვერ მოიყვან მოგვიანებით, საჩივრის განხილვის დროს, დატოვე გრაფა ცარიელი (ჩაწერე “Z”).
სცადე ზედმიწევნით აღწერო დარღვევის ფაქტი.
რაც შეეხება რეაგირების მოთხოვნას, აქ შეგიძლია იყო ზოგადი და მიუთითო, რომ ითხოვ ადმინისტრაცია მოიქცეს კანონის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნა დაზუსტდება.
🤳 ფოტო-ვიდეო გადაღება
საჩივრის დაწერის გარდა, შეგიძლია ასევე გადაიღო ფოტო-ვიდეო მასალა. გაითვალისწინე რამდენიმე წესი:
- გადაღება შეგიძლია ნებისმიერი ადგილიდან, მაქს. 5 წუთის განმავლობაში. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ გააჩერე ჩაწერა და დაიწყე ახალი. ეს ასევე დაგეხმარება რომ კადრები შეინახო პატარა ვიდეოებად და, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად გაუგზავნო საორგანიზაციო ჯგუფს.
- ჩართე GPS / Location Services – ამგვარად, ტელეფონი, სურათს ან ვიდეოს თან დაურთავს მდებარეობას, რითიც, საჭიროების შემთხვევაში, დადასტურდება რომ ეს ფოტო/ვიდეო სწორედ საარჩევნო უბანზე არის გადაღებული.
- თუ უფრო ხანგრძლივად ან უწყვეტად გსურს გადაღება, ეს უნდა მოხდეს კომისიის თავმჯდომარის მითითებული ადგილიდან (შეგიძლია დადო ტელეფონი).
- თუ კადრში მოხვდა პირადი მონაცემები რეგისტრაციის ეკრანიდან ან საარჩევნო სიიდან, არ გაუზიარო ეს ვიდეო სხვებს – პირადი მონაცემების გაზიარება/გასაჯაროვება კანონით ისჯება.
- კადრში ასევე არ უნდა მოხვდეს ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი.