ხმის მიცემა სხვა ქვეყნიდან

❗ ფიქსირდება არაერთი შემთხვევა, როდესაც უკვე დარეგისტრირებული ადამიანები ბაზაში აღარ იძებნებიან. მიზეზები სხვადასხვაა. მიყევი ინტრუქციას და გადაამოწმე. გაგვიზიარე შენი შემთხვევა კომენტარებში.

თუ საქართველოში არ ხარ, და ვერც ახერხებ ჩამოსვლას ხმის მისაცემად, საჭიროა გაიარო რეგისტრაცია, ანუ დადგე “საკონსულო აღრიცხვაზე”.

შეიძლება იყო ემიგრანტი, სტუდენტი, ან უბრალოდ მოგზაური, საქართველოში არყოფნის მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მიყევი ინსტრუქციას.

1️⃣ ზუსტად იცი რომელ ქვეყანაში იქნები 26 ოქტომბერს?

თუ მოგზაურობ, და ისედაც – გაითვალისწინე მხოლოდ ორი მთავარი წესი:

  1. სად იქნები არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს? მაგ. გერმანიაში
  2. საჭიროა საკონსულო აღრიცხვა გაიარო იმავე ქვეყანაში (მაგ. გერმანიაში), 7 ოქტომბრამდე

თუ 7 ოქტომბრამდე რეგისტრაცია ვერ მოასწარი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართო უკვე გახსნილ საარჩევნო უბანს. თუ როგორ უნდა მიმართო – ამას ისევ ადგილობრივი საკონსულო აგიხსნის.

რა მნიშვნელობა აქვს ონლაინ-ფორმას რომელი ქვეყნიდან შევავსებ?

საკონსულო აღრიცხვის ფორმის შევსების შემდეგ, საელჩო/საკონსულო გადაამოწმებს შენს ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, ამიტომ წინასწარ ამ ფორმის შევსებას აზრი არ აქვს.

2️⃣ მიდი ამ ქვეყნის საელჩოში/საკონსულოში

საელჩოში/საკონსულოში მისვლით გამორიცხავ შეცდომის დაშვებას.

გადადი ვებ-გვერდზე geoconsul.gov.ge/consular-offices, გაიგე სად არის საელჩო/საკონსულო, დაუკავშირდი და დაჯავშნე ვიზიტი.

როგორ მოვიქცე თუ ამ ქვეყანას რამდენიმე წარმომადგენლობა აქვს (საელჩო, საკონსულო…)?

იგივე გერმანიაში, არის რამდენიმე წარმომადგენლობა – საელჩო ბერლინში, საპატიო საკონსულო მიუნხენში და სხვა. ამ შემთხვევაში, შეამოწმე რომელი მათგანი ფარავს შენს საკონსულო ოლქს:

რა დოკუმენტები უნდა მივიტანო?
  1. ანკეტა – ამობეჭდე და შეავსე;
  2. დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს შენს სტატუსს, როგორც საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები ადამიანის.
  3. ფოტო 3×4 ზომის
  4. სასურველია უცხო ქვეყანაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. ნებისმიერი დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ განაცხადს ავსებს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ადამიანი.
3×4 ზომის სურათი არ მაქვს, როგორ მოვიქცე?

მარტივია! გადადი “ცესკოს” საიტზე, შეიყვანე შენი პირადი ნომერი და გვარი, დააჭირე “ძებნას”, საიტი გიჩვენებს შენს სურათს – გადმოწერე და გამოიყენე.

მე ვერ ვახერხებ მისვლას, შემიძლია სხვას ვთხოვო?

კი, შეგიძლია. ინსტრუქცია და საჭირო დოკუმენტები იგივეა, ამას გარდა, მას დასჭირდება მინდობილობა და საკუთარი პირადობის მოწმობა.

3️⃣ ვერ მიდიხარ? შეავსე ელექტრონული ფორმა (ჩვენ ამ მეთოდს გირჩევთ)

გადადი ვებ-გვერდზე geoconsul.gov.ge/consular-registration და აირჩიე ქვეყანა,სადაც იმყოფები და სადაც გინდა ხმის მიცემა. მიყევი ინსტრუქციას.

❗ გაითვალისწინე, რომ:

  1. ფორმა უნდა შეავსო იმავე ქვეყნიდან, რომელშიც გინდა რომ ხმა მისცე 26 ოქტომბერს. მეტი ინფორმაციისთვის გადახედე პირველ სექციას.
  2. ფორმაში მცირე შეცდომის შემთხვევაშიც, შენი განაცხადი დახარვეზდება – ყურადღებით გადახედე შეყვანილ ინფორმაციას.
რა ხდება ფორმის შევსების შემდეგ?

როგორც წესი, ფორმის შევსებისთანავე მოგივა მეილი იმის დასტურად, რომ შენი განაცხადი მიღებულია. 2-3 დღეში კი მოგივა მეორე მეილი, რომ შენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ზოგიერთი ქვეყნის საკონსულო ამ მეილს არ გზავნის, თუმცა გადამოწმება შენითაც შეგიძლია (იხ. ქვემოთ).

გჭირდება დახმარება?

თუ გჭირდება დახმარება ან გეშინია შეცდომა არ დაუშვა, გადადი ვებ-გვერდზე taobebi.com/consulate-register და შეავსე ფორმა ამ საიტიდან.

ამ პორტალის უპირატესობა ისაა, რომ დაგეხმარება რეგისტრაციაში, შეცდომების გასწორებაში და აგარიდებს განაცხადის დახარვეზებას. ამასთან, თუ 50-ზე მეტი ადამიანი გაივლით ერთ ქალაქში რეგისტრაციას, პორტალის გუნდი თხოვს “ცესკოს” და “საგარეო საქმეთა სამინისტროს” გაიხსნას ახალი უბანი შენს ქალაქში და გაგიმარტივოს უბნამდე მისვლა.

“გაანათეს” გუნდი ვერ დაგპირდება ამ პორტალის შესახებ, მხოლოდ ინფორმაციას გიზიარებთ.

4️⃣ ვერც მიდიხარ და ონლაინ ფორმაც არ მოგწონს?

თუ ვერც მისვლას ახერხებ, და თან – ფორმის პასტით შევსება გირჩევნია, ეს გზაც არსებობს. უბრალოდ მიყევი მეორე სექციას (ზემოთ) ერთადერთი სხვაობით – ფიზიკურად მისვლის მაგივრად, აღნიშნული დოკუმენტები ფოსტით გააგზავნე წარმომადგენლობის მისამართზე.

5️⃣ დაბოლოს – გადაამოწმე!

აღრიცხვიდან მოხსნის ერთ-ერთი მაგალითი

იმის მიუხედავად, თუ რომელი გზა აირჩიე დასარეგისტრირებლად, გადაამოწმე – ხარ თუ არა დარეგისტრირებული.

ამისთვის, გადადი ამ ვებ-გვერდზე და შეიყვანე შენი პირადი ნომერი და გვარი: geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry

❗ გაითვალისწინე:

უმჯობესია გადაამოწმო პერიოდულად – მაგ. არჩევნებამდე ერთი კვირით, ერთი დღით ან სულაც რამდენიმე საათით ადრე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკვე აღრიცხული მოქალაქე ისევ გამქრალა ბაზიდან სხვადასხვა მიზეზით.

დროებით საქართველოში ვარ და მიჩვენებს რომ აღრიცხვა “შეჩერებულია”, რატომ?

მაგალითად, ცხოვრობ გერმანიაში, აღრიცხვა გავლილი გაქვს, ყველაფერი რიგზეა. დროებით, არჩევნებამდე ჩამოხვედი საქართველოში. არჩევნებისთვის კი ისევ უკან – გერმანიაში აპირებ დაბრუნებას და ხმის მიცემას.

ამ პერიოდში ნორმალურია, რომ შენს სტატუსს ეწეროს “შეჩერებული”. გერმანიაში დაბრუნებისას კი ისევ დაუბრუნდეს აქტიურ სტატუსს. ყოველი შემთხვევისთვის, დაბრუნებისას გადაამოწმე, და პრობლემის შემთხვევაში მიმართე იმავე საკონსულოს.

გადავამოწმე და აღარ ვიძებნები, როგორ მოვიქცე?

არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები იყვნენ ბაზაში და ერთ-ერთი გადამოწმებისას აღმოაჩინეს რომ აღარ არიან. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. დაუკავშირდი საკონსულოს/საელჩოს.

მეშინია პრობლემა არ შემექმნას

არალეგალურად იმყოფები ემიგრაციაში? ან თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი გაქვს? ამ შემთხვევაში, შეიძლება გქონდეს საფრთხის განცდა – რეგისტრაცია, ფორმალობა, პროცედურები – ხომ არ შეგიქმნის ეს ყველაფერი პრობლემას?

“რადიო თავისუფლების” სტატია ამ საკითხზე

ჩვენმა მხარემ, შენს საცხოვრებელ ქვეყანას ინფორმაცია რომ გაუზიაროს – ეს აკრძალულია, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, ჩვენთვის არც არის ცნობილი მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
4 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
ღუბელაძე
ღუბელაძე
3 დღის წინ
Maia
Maia
2 დღის წინ
Elif
Elif
2 დღის წინ
მარინა ნიკოლაშვილი
მარინა ნიკოლაშვილი
1 დღის წინ
Last edited 1 დღის წინ by მარინა ნიკოლაშვილი
4
0
დატოვე კომენტარიx