არ მაქვს ცვლილების იმედი, ისევ ესენი დარჩებიან

ზოგჯერ შეიძლება დაგეუფლოს უმწეოების განცდა – რომ ეს მთავრობა არასდროს შეიცვლება. საქართველოსავით განვითარებად დემოკრატიებში ნებისმიერი მთავრობის “გასტუმრება” ყოველთვის რთულად წარმოუდგენიათ ხოლმე – სანამ ეს არ მოხდება.

ცვლილების წარმოდგენა რთულია. რთულია დააკავშირო შენი ერთი ხმა ცვლილებასთან. ამასთან, გვახსენდება წინა ცვლილებები – მაშინ ხომ რევოლუციით, მასობრივი მიტინგებით მივაღწიეთ მიზანს? ახლაც იგივე მოგვიწევს? შეგვიძლია კი ასე უსასრულოდ?

დროა ცვლილებები ვაქციოთ ნორმად – ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს არა გამორჩეული მოვლენა, არამედ – ჩვეულებრივი პროცესი. არჩევნების ყუთთან მისვლა და ხმის მიცემა საკმარისი უნდა იყოს ჩვენი შეხედულებების დასაფიქსირებლად. ქვეყანამაც უნდა გააგრძელოს ცხოვრება. უკეთესი ცხოვრება.

რეალურად რამდენი ადამიანი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ?

შენი ერთი ხმის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე შეიძლება ფიქრობდე.

განვიხილოთ რიცხვებით, ბოლო, 2020 წლის არჩევნების მაგალითზე.

  • ამ დროისთვის, ხმის მიცემა შეეძლო 3 511 853 ადამიანს;
  • რეალურად, ხმა მისცა: 1 992 891 მოქალაქემ (ანუ, 56.7%-მა)
  • “ქართულმა ოცნებამ” აიღო 928 004 (საერთო რაოდენობის 26.4%)

შესაბამისად, მოქალაქეების 26.4%-მა გადაწყვიტა როგორი იქნებოდა შენი ცხოვრების 4, 8, 12 წელი.

ახალი ამომრჩევლები: ემიგრანტები და ახალგაზრდა თაობა

2024 წლის არჩევნებზე არსებობს ემიგრანტების და ახალგაზრდა თაობის გააქტიურების მოლოდინი. თუ 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის ნახევარმა უარი თქვა ხმის მიცემაზე, ახლა მეტ აქტიურობას ველით.

ეს პირველი პროპორციული არჩევნებია

2024 წლის არჩევნები იქნება პროპორციული, 5%-იანი ბარიერით. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მარტივია სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფისთვის პარლამენტში შესვლა, მათი ამომრჩევლის ხმის დაცვა.

მარტივად – ოპოზიციური პარტიებმა, ჯამურად, უნდა აიღონ “ქართულ ოცნებაზე” მეტი ხმა. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” მთავრობას ერთპიროვნულად ვეღარ დააკომპლექტებს.

იგულისხმება ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გადალახავენ 5%-იან ბარიერს.

მეტი ამ საკითხზე: და მაინც, რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?

“კი, მაგრამ საჯარო სექტორი დიდი ძალაა მთავრობისთვის”

საჯარო სექტორში 320 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. რიცხვი ძალიან მაღალია ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, თან – სწრაფად იზრდება. სანდო სასამართლოს არარსებობის ფონზე, ეს ნიშნავს რომ 320 000-ზე მეტი ადამიანი პირდაპირ არის დამოკიდებული მმართველ პარტიაზე, რაც დიდი გამოწვევაა.

თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა, არჩევნებზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს და არა – პარტიის.

“კი, მაგრამ მაინც რომ გააყალბონ?

რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას – მიუხედავად იმისა, რომ ეს შეშფოთება გასაგებია, რეალურად რისკი ისეთი დიდი არაა, როგორც ხშირად გვგონია. გაყალბების შემთხვევები, როგორც წესი, შეზღუდულია მცირე პროცენტამდე და ამ პროცესებს მკაცრად აკონტროლებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. სისტემა სრულყოფილი არ არის, მაგრამ ფართომასშტაბიანი გაყალბების შესაძლებლობა დაბალია, განსაკუთრებით გამჭვირვალობის მზარდი ზომების ფონზე.

მეტი ამ საკითხზე: დააკვირდი არჩევნებს

შეჯამება

საქმე იმაზე მარტივად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, პირიქით – ჩვენი თითოეული ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx