არჩევნებზე არწასვლის ერთ-ერთ მთავარი მიზეზად ასახელებენ ხოლმე იმას, რომ არცერთი პარტია არ იმსახურებს ხმას.
რომელ ნომერს შემოხაზავ – შენი გადასაწყვეტია. აქ რამდენიმე ძირითად პრინციპს გაგიზიარებთ.
უნაკლო არავინაა – აირჩიე პროგრესი და არა სრულყოფილება
საუკეთესო კანდიდატის პოვნა ყოველთვის რთულია. არ არის მარტივი გაარჩიო ვინ რას გპირდება და რამდენად სანდოა მისი დაპირებები. ასევე, რთულად მოიძებნება პარტია ან პირი, ვისზეც რაიმე უარყოფითი ისტორია არ გექნება მოსმენილი.
მაგრამ, დემოკრატია არ ითხოვს სრულყოფილებას. ის ითხოვს პროგრესს – ცვლილებას, თუნდაც მცირედ გაუმჯობესებას. თუ მყარი არგუმენტი არ გაქვს, ენდე ინტუიციას, თუ ინტუიცია არაფერს გეუბნება – ენდე შეგრძნებებს – ვინ გგონია რომ სხვაზე უკეთ განავითარებს ქვეყანას? მეცნიერული, აბსოლუტური გადაწყვეტილების მიღება არ არის აუცილებელი – მთავარი გადაწყვეტილების მიღებაა.
მაინც ვის მივცე ხმა?
ანალოგიისთვის წარმოიდგინე რომ გწყურია. არის ორი შემოთავაზება – მარილიანი ჩიფსი და ცხელი ჩაი. შენ კი ცივი წყალი გინდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაი უფრო ახლოს არის შენს მიზანთან. დაფიქრდი, რა არის შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – ჯანდაცვა? ინფრასტრუქტურა? სამართალი? კონკრეტული ინდუსტრია?
გაეცანი არჩევნებში მონაწილე პარტიებს და კოალიციებს.
აირჩიე ბალანსი და კონკურენცია
დავუშვათ, ვერც საუკეთესო და ვერც ოდნავ უკეთესი კანდიდატი ვერ შეარჩიე – ყველა თანაბრად ცუდია.
ზოგჯერ, არჩევნებზე საუკეთესოს არჩევაზე მეტად ბალანსის შექმნა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აქ განვიხილეთ თუ რა პრობლემებს იწვევს ერთპიროვნული მმართველობა – როდესაც მმართველ პარტიას არ აქვს კონკურენცია.
მიეცი ხმა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ან გაერთიანებას. ეს შექმნის კონკურენციას, სადაც პარტიები შენი განმეორებითი ხმის მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეჯიბრებიან, გამართავენ დებატებს, მოინდომებენ, და საბოლოოდ ჩვენ – მოქალაქეები დავრჩებით გამარჯვებული – მივიღებთ პროგრესს.
კონკურენცია არ უყვარს მონოპოლისტს (მთავრობას) – მისთვის ზედმეტი თავის ტკივილია. ამიტომ, ის აუცილებლად შეეცდება აგიცრუოს გული – ბევრი პარტია – ეს ხომ ქაოსია, ან – ეს პარტიები ყველა “ასეთები” ან “ისეთები” არიან. შეეცდება ისევ “შეჩვეული ჭირი” აგარჩევინოს – ეს ხომ შენთვის არის ჭირი, თორემ მისთვის სიმდიდრის და ძალაუფლების კიდევ 4 წელია. როდესაც ის საკუთარ უპირატესობას ვერ გთავაზობს, გეუბნება რომ სხვებიც არანაკლებ ცუდები არიან, და რომ ცვლილებას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია ეს გამოწვევები გადალახო და ირწმუნო, რომ კონკურენცია ყოველთვის ჯობს დიქტატურას.
სხვა თუ არაფერი – გადახაზე?
წინა არჩევნებზე, ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ გადახაზავდა ხოლმე ბიულეტენს. თუმცა, ამჯერად, ეს აღარ იმუშავებს.
საქმე იმაშია, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავაფერადოთ კონკრეტული წრე. ამ გაფერადებას კი შემდეგ კომპიუტერი ამოწმებს. არის შანსი, რომ რასაც შენ გადახაზავ, ის კომპიუტერმა გაფერადებულად აღიქვას.
ერთი სიტყვით, ბიულეტენის გაფუჭება აღარ არის მარტივი. ისევ ჯობს შენი ხმა დააფიქსირო.
გამარჯობა, “პარტიები და კოალიციები”-ს ლინკი არ მუშაობს
გამარჯობა, მადლობა, ჩავასწორეთ